2023 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.4 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, „საქსტატის“ ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7.7 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე - სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი.
ამასთან, საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს. აღნიშნულს NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგები აჩვენებს. კერძოდ, 2022 წლის დეკემბერში გამოკითხულთა 48% ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს, 44% - საშუალოდ, 6% კი კარგად. ამასთან, საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას ყველაზე კრიტიკულად თბილისელები აფასებენ.
თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია აკადემიკოსი ლადო პაპავა