ბიზნესი მთავრობისგან რიგ დარგებში სამუშაო დროის 40 საათამდე შემცირების გადავადებას ითხოვს. შესაბამისად, დამსაქმებელთა ასოციაცია საქართველოს მთავრობას სპეციფიკური სამუშაოს მქონე დარგებიდან მშენებლობის, ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის; ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება და ქაღალდის მრეწველობის; სასტუმროებისა და რესტორნების ამოღებას სთხოვს. ამის შესახებ დღეს ბიზნესგაერთიანების პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ბიზნეს მხრიდან მოთხოვნაა მთელი წლით გადავადებაზე, რადგან მათი თქმით, კომპანიებს მთელი წლის პროექტები უკვე დამტკიცებული აქვთ.
შეგახსენებთ, რომ შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, თუმცა განსხვავებული მიდგომაა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოებში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს – კვირაში 48 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების დრო.