ეუთო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის, მაიკლ კარპენტერის განცხადებით, ოკუპანტებმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში 14 000-ზე მეტი ბავშვი იძულებით გადაიყვანეს.
„კრემლის მარიონეტულმა ხელისუფლებამ 14 000-ზე მეტი ბავშვის იძულებითი დეპორტაცია განახორციელა ან რუსეთში სხვაგვარად გადაიყვანა“, - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ცდილობს აღმოფხვრას უკრაინის ეროვნული იდენტობის ყველა გამოვლინება და ყველა უკრაინელი გადააქციოს რუსეთის იმპერიის ერთგულ ქვეშევრდომად.
მაიკლ კარპენტერმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან და უკრაინასთან უკრაინის ტერიტორიებზე დანაშაულის ჩამდენი პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით.