პენტაგონის განცხადებით, თვალყურს ადევნებენ ჩინეთის ჯაშუშურ საჰაერო ბურთს, რომელიც შეერთებული შტატების თავზე დაფრინავს.
აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ბურთს რამდენიმე დღის განმავლობაში აკვირდებიან მას შემდეგ, რაც ის აშშ-ის საჰაერო სივრცეში გამოჩნდა და მაღალ სიმაღლეზე დაფრინავს.
„აეროსტატი ამჟამად კომერციული საჰაერო მიმოსვლის სიმაღლეზე გაცილებით მაღლა მოძრაობს და არ წარმოადგენს სამხედრო ან ფიზიკურ საფრთხეს ადგილზე მყოფი ადამიანებისთვის. ამ ტიპის საჰაერო ბურთების აქტივობის შემთხვევები ადრე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვა დროსაც დაფიქსირდა. მისი აღმოჩენის შემდეგ, აშშ-ს მთავრობამ დაუყოვნებლივ იმოქმედა სენსიტიური ინფორმაციის დასაცავად“, - აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.
პენტაგონის ოფიციალური პირების განცხადებით, მაღალი დამაჯერებლობით, აეროსტატი ჩინურია და ჯო ბაიდენი სიტუაციის შესახებ ინფორმირებულია.
ამასთან, გადაწყდა, რომ საჰაერო ბუშტი არ ჩამოაგდონ, რადგან ნამსხვრევები, შესაძლოა, ადამიანებისთვის ზიანის მომტანი იყოს.