ვთვლი, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი - მოკლას სააკაშვილი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოები საჯაროდ წარადგინა. მისივე თქმით, გაუგებარია, საქართველოს ხელისუფლება ნეიტრალურია თუ რუსეთისკენაა. ამასთან მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნას ითხოვს. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი "ბლუმბერგთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ ისეთ ცალკეულ შემთხვევას, როგორიც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაა, ქვეყნის ევროპულ მომავალზე გავლენა არ უნდა ჰქონდეს. როგორც "ბლუმბერგი" წერს, "სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, ინტერვიუში არ საუბრობს თავის გეგმებზე".