მარლონ ბრანდოს კარიერა 1950-იან წლებში დაიწყო და ნახევარი საუკუნე გაგრძელდა. მსახიობმა, რომელსაც კრიტიკოსებმა საპატიო ადგილი მიუჩინეს მეოცე საუკუნის ყველაზე გავლენიანი ჰოლივუდელების ნუსხაში, არა მხოლოდ საკულტო პერსონაჟები შექმნა და საკუთარი თაობა განასახიერა ეკრანზე, არამედ ყველა იმ რეჟისორთან იმუშავა, ვინც კინემატოგრაფიის ისტორია განსაზღვრა.
ტენესი უილიამსის პიესა „ტრამვაი სახელად „სურვილი“ ელია კაზანმა პირველად 1947 წელს დადგა ბროდვეის სცენაზე, ეკრანზე კი, რამდენიმე წლის შემდეგ გადაიტანა და თეატრალური დადგმების ეკრანიზების ერთგვარი მოდა დაამკვიდრა 1950-იანი წლების ამერიკულ კინოში.
იღბლიანი აღმოჩნდა უილიამსის პიესა მარლონ ბრანდოსთვისაც. მსახიობმა, რომელიც ნიუ-იორკის სამსახიობო სტუდიის დასრულების და ფრედ ცინემანის დრამაში „მამაკაცებში“ შესრულებული სადებიუტო როლის შემდეგ მხოლოდ იძენდა გამოცდილებას, ბრწყინვალედ განასახიერა ხეპრე სტენლი კოვალსკი თეატრალურ ვარიანტში, წარმატებული პრემიერის შემდეგ კი, კონკურენციის გარეშე გადაინაცვლა ეკრანზე და სწორედ ბრუტალური კოვალსკის წყალობით შეიძინა ვარსკვლავის სტატუსი. მართალია, მსახიობმა უარყოფითი პერსონაჟი განასახიერა, რომელიც ნაკლებად იმსახურებდა სიმპათიას, მაგრამ სწორედ მან შესძინა მდაბიო, ცხოველური ინსტინქტებს დამორჩილებულ კოვალსკის სიღრმე და ერთგვარი ფილოსოფიურობა.
პარტნიორობა ახალგაზრდა მსახიობს გამოცდილმა ვივიენ ლიმ გაუწია. სწორედ მის მიერ განსახიერებული, ფაქიზი და ზედმეტად მგრძნობიარე არისტოკრატის - ბლანშ დიუბუას დამსხვრეულ იმედებს დაეჯახა კოვალსკის ბრუტალური სექსუალურობა. მსახიობებმა საოცრად ბუნებრივად, დამაჯერებლად შექმნეს კონფლიქტი ერთის მხრივ, განსხვავებულ სოციალურ ჯგუფებს, მეორეს მხრივ, ქალსა და მამაკაცს შორის და მანამდე ტაბუდადებული თემების ღიად, შელამაზების გარეშე განხილვით შექმნეს ახალი ეპოქა ამერიკულ კინოში. სწორედ ბრანდოს გამოცდილება გაიზიარეს ჰოლივუდის შემდეგმა თაობებმა ჯეკ ნიკოლსონით და რობერტ დენიროთი დაწყებული, ჯონი დეპით და ლეონარდო დიკაპრიოთი დასრულებული.
ვარსკვლავური სტატუსის მიუხედავად, თავად ბრანდომ სამუდამოდ მოიძულა კავალსკის როლი, რადგან იმდენად მსუბუქად და ბუნებრივად შეძლო გარდასახვა უხეშ, გაუთლელ პროვინციალად, რომ წლების მანძილზე მხოლოდ მასთან ასოცირდებოდა და პრაქტიკულად საკუთარი პერსონაჟის მძევლად ქცეული მეტწილად სწორედ ველურებს განასახიერებდა. „ტრამვაი „სურვილის“ თეატრალური ვერსიის წარმატების შემდეგ, პიესის ავტორმა ტენესი უილიამსმა ბრანდოს წერილი მისწერა და აღფრთოვანებით აღნიშნა, რომ „მისი ნიჭი თეატრს განუსაზღვრელი შესაძლებლობების სამყაროდ აქცევდა“. ამავე აზრის აღმოჩნდა ბრანდოს პარტნიორი ჯონ გილგუდი ფილმიდან „იულიუს კეისარი“, რომელმაც მთელი სეზონით მიიწვია მსახიობი ლონდონში შექსპირის „ჰამლეტში“ მთავარი როლის შესასრულებლად, თუმცა კინემატოგრაფიით გატაცებულმა ბრანდომ უარი თქვა თეატრალურ სცენაზე დაბრუნებაზე.
გილგუდის შეთავაზების ნაცვლად ბრანდომ ლასლო ბენედეკის წინადადება მიიღო და მის დრამაში „ველური“ შეასრულა მთავარი როლი. ერთგვარი მემკვიდრის - ნიკოლას რეისა და ჯეიმს დინის დრამის „ბუნტისთავი იდეალების გარეშე“ მსგავსად , „ველურმაც“ სწრაფად მოიპოვა საკულტოს სტატუსი, რაც პირველ რიგში მთავარი პერსონაჟის - თავხედი, თუმცა საოცრად მომხიბვლელი ბაიკერის, უფროსი თაობის მიერ დამკვიდრებული სტანდარტების წინააღმდეგ სტიქიურად მებრძოლი ჯონი სტრებლერის დამსახურება აღმოჩნდა, რომელიც სწრაფად იქცა ახალგაზრდული ბუნტის სიმბოლოდ.
აღსანიშნავია, რომ პერსონაჟმა, რომელიც ბრანდომ და დინმა შექმნეს კოლექტიურად, 1960-იანი წლების ბოლოს, სტუდენტური რევოლუციის ეპოქაში შეიძინა მეორე სიცოცხლე დენის ჰოპერის როუდ-მუვიში „უდარდელი მხედარი“.
„ტრამვაი „სურვილისა“ და „ვივა, საპატას!“ შემდეგ, მარლონ ბრანდოს და ელია კაზანის თანამშრომლობა სოციალური დრამით „პორტში“ გაგრძელდა, რომელმაც 30 წლის ბრანდოს პირველი „ოსკარი“ მოუტანა და კინოაკადემიის ისტორიაში პრემიის მფლობელ ყველაზე ახალგაზრდა მსახიობად აქცია. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე კრიტიკოსების მიერ ამერიკული კინოს შედევრად მიჩნეული „პორტში“ საერთო ჯამში 8 „ოსკარით“, 4 „ოქროს გლობუსით“ და ვენეციის კინოფესტივალის ვერცხლის ლომით დაჯილდოვდა.
ფილმში, რომელმაც პორტის მტვირთავთა პროფკავშირებში გამეფებულ კორუფციაზე მოუთხრო მაყურებელს, ბრანდომ ყოფილი მოკრივე და დოკერი ტერი მალოი განსახიერა. მართალია, მორალურად განუვითარებელი კოვალსკის ფონზე, რომელიც მხოლოდ ველურის მომხიბვლელობით გამოირჩეოდა, გულგრილი და პრიმიტიული მალოი აბსოლუტურად ამორალურად გამოიყურებოდა, მაგრამ ბრანდომ ამ შემთხვევაშიც შეძლო ნეგატიური პერსონაჟის გაკეთილშობილება, როცა მასში სამართლიანობის და საკუთარი ღირსების გრძნობა გააღვიძა.
ფრენსის ფორდ კოპოლას განგსტერული საგის პირველი ნაწილით, რომელიც ნამდვილ სენსაციად იქცა, ბრანდომ არა მხოლოდ კინოში დაბრუნება, არამედ შემოქმედებითი აღმავლობის მორიგი ეტაპიც აღინიშნა, რადგან სწორედ „ნათლიმამამ“ მოუტანა მსახიობს მეორე „ოსკარი“, კოპოლას კი, მსოფლიო აღიარება.
ათწლეულის უმნიშვნელოვანესი ფილმების „მისურის კლაკნილის“ და „აპოკალიფსი დღეს“ პერსონაჟების მსგავსად, ამორალური საზოგადოების წინააღმდეგ აჯანყებული მარტოხელა ბუნტისთავი ბრანდომ „ნათლიმამაშიც“ სამყაროს ყოვლისშემძლე მბრძანებლად აქცია, რომელსაც თითქოს იმედი გაუცრუა ველურმა უტოპიამ, თუმცა დანებებისა და მარცხის აღიარების ნაცვლად საკუთარ სარგებელს მოარგო მტრულად განწყობილი სამყარო.
კოპოლამ მართლაც ხელშეუხებელი მბრძანებლის ადგილი მიუჩინა ბრანდოს ვიტო კორლეონეს, რომელიც ოჯახის ნგრევისა და მორალური დეგრადაციის ფონზე ერთადერთია, ვისი მოქმედება ყოველთვის გამართლებულია, რადგან სისასტიკის მიუხედავად თავადაა სამართლიანი მოსამართლეც და შემფასებელიც. თუმცა, ბრანდო უფრო შორს წავიდა და საკუთარი პერსონაჟისგან ერთგვარი განწირული გმირი შექმნა, რომელიც საქმეებს ჩამოშორებული, ფორთოხლის ბაღში შვილიშვილთან თამაშის დროსაც კი, ვერ ახერხებს შიშისმომგვრელი, დამთრგუნველი ამპლუას დათმობას და გაღიმებას ნაცვლად პირიქით, პატარა ენტონის მხოლოდ ფორთოხლის კანის კრეჭით აშინებს.
ფართო საზოგადოებისგან განსხვავებული აზრი აღმოაჩნდა ბრანდოს ფილმის და საკუთარი პერსონაჟის შეფასებისას. მისი მტკიცებით, ფილმი არა მაფიაზე და მის ბოსზე, არამედ თანამედროვე ბიზნესის წარმომადგენელზეა, რომელიც ყველაფერს აკეთებს ოჯახისა და ბიზნესის კეთილდღეობისთვის. მსახიობის სიტყვების დასტურად იქცა უარი კინოაკადემიის პრემიაზეც, როცა მის ნაცვლად სცენაზე ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილი ინდიელი გოგონა გამოჩნდა და თამამად განუცხადა პუბლიკას, რომ ამერიკელი ინდიელების დისკრიმინაციის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ბრანდო უარს ამბობდა „ოსკარის“ მიღებაზე.
ფილმის ნაციონალური პრემიერის შემდეგ, იტალიაში სასამართლო პროცესი მოეწყო, რომელმაც ფილმის, როგორც „პორნოგრაფიული ნაწარმის“ განადგურება მოითხოვა, რეჟისორს ბერნარდო ბერტოლუჩის მსახიობებთან მარლონ ბრანდოსა და მარია შნაიდერთან ერთად კი, ორთვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. საბედნიეროდ, ბერტოლუჩის ევროპელმა კოლეგებმა, რომელთაც აღფრთოვანებით მიიღეს ფილმი ყველა ფესტივალზე, მისი ასლის გაკეთება მოასწრეს, რამაც იტალიურ პუბლიკას მრავალი წლის შემდეგ, უკვე განსხვავებულ ეპოქასა და განსხვავებული პოზიციით ბერტოლუჩის პროვოკაციული ნამუშევრის შეფასების საშუალება მისცა.
კრიტიკოსების მიერ მელოდრამის ჟანრს მიკუთნებული „უკანასკნელი ტანგოს“ მნიშვნელობაზე დღეს აღარავინ დავობს, რადგან ყველასთვის ნათელია, რომ ბერტოლუჩიმ 31 წლის ასაკში შეძლო ერთდროულად პოლიტიკური, ანტიბურჟუაზიული და ფროიდული ფილმის შექმნა, რომლის ლაიტმოტივად თავად ავტორის ირონია იქცა. რეჟისორმა მისთვის ჩვეულ სტილში ასახა ბობოქარი 60-იანი წლების დასასრული და მყიფე 70-იანების დასაწყისი, თაობების მონაცვლეობა და მეტად გაურკვეველ გარემოში აღმოჩენილი ადამიანების პირადი დრამა.
აღსანიშნავია, რომ ბრანდომ, რომელმაც მეუღლის დაკარგვით სასოწარკვეთილი და ძალაგამოცლილი, ერთ წამში დაბერებული და დასაღუპად განწირული მამაკაცი განასახიერა, სინამდვილეში საკუთარი ისტორია მოუთხრო მაყურებელს, რადგან მისი როლებით შეიქმნა პერსონაჟის ბიოგრაფია, მონოლოგებად კი, პირადი მოგონებები იქცა.
მართალია, ფილმის გამოსვლის შემდეგ ბრანდომ მხოლოდ მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ „ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ფილმში მონაწილეობით ყველაზე ძვირფასი და სათუთი წაბილწა საკუთარ თავში“, მაგრამ ბერტოლუჩი აღმოჩნდა საოცრად კმაყოფილი, რომელმაც მოწიწებით შენიშნა, რომ „ყოველთვის ბრანდოს მადლიერი იქნება, რადგან მან საკუთარი სამყაროს ნაწილი აჩუქა“.
ფრენსის ფორდ კოპოლასა და მარლონ ბრანდოს მეორე ერთობლივმა ნამუშევარმა - სამხედრო დრამამ „აპოკალიფსი დღეს“ ორი „ოსკარი“, სამი „ოქროს გლობუსი“, კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტო დაიმსახურა და მხოლოდ ამერიკულ გაქირავებაში მოაგროვა 85 მილიონი დოლარი, თუმცა წლების შემდეგ, არა მხოლოდ ფილმი იქცა ლეგენდად, არამედ მისი გადაღების და წარმოების პროცესიც, რომელიც მთელი ოთხ წელი გაგრძელდა.
პროფესიონალთა უზარმაზარი ჯგუფის მიუხედავად, რომელმაც ცნობილი ოპერატორები ვიტორიო სტორარო და ენრიკო უმეტელი, მხატვრები ანჯელო გრემი და ჯორჯ ნელსონი გააერთიანა, არავის ეგონა, რომ გადაღებები ოდესმე დასრულდებოდა, რადგან ჯერ მთავარი როლის შემსრულებელს მარტინ შინს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, როცა ალკოჰოლისა და ფილიპინური მცხუნვარე მზის დარტყმისგან ლამის გულის შეტევით გარდაიცვალა, მერე გადამღები ჯგუფის რამდენიმე წევრი გაიტაცა ადგილობრივი წარმოების ნარკოტიკებმა, ბიუჯეტის სრულად გახარჯვის შემდეგ კი, კოპოლას გაუჭირდა კრედიტის საკუთარი სახლის სანაცვლოდ მიღება და სასოწარკვეთილი მხოლოდ საოცრებით იხსნეს თვითმკვლელობისგან.
უსიამოვნებებით მოქანცული კოპოლას თავის ტკივილად იქცა პოლკოვნიკ კურცის როლზე მიწვეული მარლონ ბრანდოც, რომელმაც არც ლიტერატურული პირველწყაროს - ჯოზეფ კონრადის მოთხრობის „წყვდიადის გულის“ წაკითხვა მოინდომა, არც ჭარბი კილოგრამების დაკლება სცადა. მეტიც, გადაღებებზე წონაში საგრძნობლად მომატებული გამოჩნდა და კატეგორიული უარი განაცხადა კოპოლას მიერ შეთავაზებული ხმელი პოლკოვნიკის, შეშლილი გედეონისტის განსახიერებაზე.
თუმცა, სწორედ ბრანდოს ჭირვეულობამ აიძულა სტორაროს ფინალური სცენების სრულიად განსხვავებული რაკურსით გადაღება და სწორედ იმ პერსონაჟის შექმნა, რომელიც მოგვიანებით გაიცნო სამყარომ. „ის გახდა პოლკოვნიკი, თუმცა სრულად შეინარჩუნა საკუთარი თავი“, - აღნიშნა კოპოლამ, რომელიც წარმატების მიუხედავად, მაინც მაქსიმალურად გაურბის უმძიმესი გადაღებების გახსენებას.
„აპოკალიფსის“ შემდეგ გვარიანად მობერებულმა ბრანდომ კინემატოგრაფიიდან სამუდამოდ წასვლის შესახებ განაცხადა, თუმცა 9-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ უკან დაბრუნდა. მართალია, მსახიობმა ათამდე ფილმში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მეტწილად კომერციული როლები შეასრულა, რომელთაც ჩვეული სიღრმე, ფილოსოფია აკლდა და თავადაც ირონიულად, არასერიოზულად შეაფასა.