კლინიკა „ვივამედის“კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ცენტრ „ემპათიას“ და მის ხელმძღვანელს, მარიამ ჯიშკარიანს მოუწოდებს, „ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს და მას გაუფრთხილდნენ“.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ ცენტს „ემპათიას“ რეკომენდაციებს ასრულებს და არ ითვალისწინებს კლინიკა „ვივამედის“ ექიმების მიერ გაცემულ რჩევებს.
„ჩვენ ყოველთვის დღევანდელ დღემდე ვერიდებოდით კოლეგების მისამართით ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას. ჩვენ ყოველთვის კოლეგიალობის პრინციპს ვიცავთ, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. ამიტომ იძულებული ვართ, მთელი ქვეყნის გასაგონად ვთქვა ის, რის თქმასაც ვაპირებ. რაც აქამდე არ გვითქვამს და ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ მინიშნებით ვამბობდით, მაგრამ ამ ადამიანებმა ეტყობა ვერ გაიგეს. რაც შეეხება კვებას, კვების რაციონთან დაკავშირებით, ეს ყოველთვის პაციენტის შემოსვლის დღიდან რჩება პრობლემა და პრობლემატური იყო. თუმცა, პაციენტი საწყის ეტაპზე მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს ექვემდებარებოდა, მაგრამ შემდეგში ამ კალორაჟის შემცირება მოხდა. მივმართავ ორგანიზაცია „ემპათიას“ და მის ხელმძღვანელს, ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს, გაუფრთხილდნენ პაციენტის სიცოცხლეს. ჩვენი პირველი მთავარი ამოცანაა პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მისი მდგომარეობის გაუმჯობესება, ამიტომ ნუ გვიშლიან ამაში ხელს, ჩვენ პაციენტს არასდროს არ დავადანაშაულებთ და ვერ დავადანაშაულებთ ვერაფერში, მაგრამ ფაქტია ის, რომ პაციენტი მათ რეკომენდაციებს ასრულებს“, - აღნიშნა ჩხაიძემ.
კლინიკა „ვივამედის“კლინიკური დირექტორის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი იღებს საკვების იმ კალორაჟს, რომელიც სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებისთვის მინიმალურია.
„აქამდე მივანიშნებდი და ახლა ღია ტექსტს ვამბობ, ეს ყველაფერი კალორაჟი შერჩეულია, იმ ჯგუფის ექიმების მიერ და შესაბამისად, პაციენტი ექვემდებარება იმას, ანუ ეს ის კალორაჟია, რომელიც მინიმალური რაოდენობაა სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად, მაგრამ არა მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუ არა გასაუარესებლად. მე ამიტომაც წინა კომენტირებისას ვთქვი, რომ მისი მდგომარეობა ასე თუ გაგრძელდება შეიძლება დამძიმდეს, წონაში კლებაც იყოს, ეს ადამიანები ჩასაფრებულებია არიან, რომ პაციენტმა გრამები მოიკლოს და ამით ლამის ყიჟინა შემოცხონ“, - განაცხადა ჩხაიძემ.
როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი გარკვეული მედიკამენტების მიღებაზე უარს ამბობდა, ეს კი ცენტ „ემპათიის“ რეკომენდაციით ხდებოდა.
მისი თქმით, ამ ყველაფრის მიზეზი იყო ის, რომ „შემდეგ დასმულიყო კითხვა აი, რა გააკეთეთ რვა თუ ცხრა თვის განმავლობაში?!“
„ეს კვებასაც ეხება და მედიკამენტების შერჩევითობასაც. თუ პაციენტი გარკვეულ პერიოდში, გარკვეულ მედიკამენტზე უარს ამბობდა, ესეც ამ ორგანიზაციის ექიმების რეკომენდაციით ხდებოდა, ეს ყველაფერი. ამიტომ ჩვენს ექიმებს ნაკლები საშუალება ეძლეოდათ, მიზანი იყო ის, რომ მოვსულიყავით დღევანდელ დღემდე, ამ მდგომარეობამდე და შემდეგ დასმულიყო კითხვა აი, რა გააკეთეთ რვა თუ ცხრა თვის განმავლობაში?!“- განაცხადა ჩხაიძემ.
ამასთან, როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, მარიამ ჯიშკარიანი უკვე ყველა ზღვარს გადასცდა. მისივე თქმით, ჯიშკარიანი პრაქტიკოსი ექიმი არ არის, ამიტომ პრაქტიკოს ექიმებს ის რეკომენდაციებს ვერ მისცემს.
„ქალბატონი ჯიშკარიანი უკვე ყველა ზღვარს გადასცდა, უკვე კლინიკის ექიმებს უვიცებად მოიხსენიებს. მეტსაც გეტყვით, არ ვიცი, თვითონ მგონი ფსიქიატრია, მარიამ ჯიშკარიანი პრაქტიკოსი ექიმი არ არის, ამიტომ პრაქტიკოს ექიმებს ის რეკომენდაციებს ვერ მისცემს, მკურნალობის კორექციაში ვერანაირად ვერ ჩაერევა. ჩვენი ექიმები გარდა იმისა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები არიან, ასევე პრაქტიკოსი ექიმები არიან და ძალიან კარგად იციან დაავადებების მართვა. ამ მართვაში ხელისშემშლელი ფაქტორი, რაც არის ეს არის „ემპათიის“ ჯგუფი. იგივე პარენტერალურ კვებასთან დაკავშირებით, პაციენტმა უარი განაცხადა. ეს რაღაც კოსმოსური და გალაქტიკური საოცრებაა მარიამ ჯიშკარიანისთვის, მაგრამ ჩვენთვის ეს არის ჩვეულებრივი სამკურნალო პროცედურა. ჩვენ უძლიერესი რეანიმატოლოგთა ჯგუფი გვყავს, რომლებიც მზად არიან ეს ჩვეულებრივი პროცედურა შეასრულონ. ამაზე პაციენტი თავს იკავებს „ემპათიის“ რეკომენდაციიდან გამომდინარე, ეს თვითონაც ხმამაღლა განაცხადა. ეს არის დისკრედიტაცია ჩვენი კლინიკის და ასევე, დისკრედიტაცია მთელი ქართული სამედიცინო საზოგადოების”,- განაცხადა ჩხაიძემ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, მისი მდგომარეობა და პარამეტრებიც სტაბილურია.
„პირველ რიგში, გეტყვით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მას გუშინ საღამოს აღენიშნებოდა 37,2 ტემპერატურა, ხოლო ამ დილით აღენიშნება 37,3 ტემპერატურა. მისი მდგომარეობა და პარამეტრებიც სტაბილურია, ჰემოდინამიკურიც და რესპირაციულიც“, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.