ვფიქრობ, ქართველების უდიდესი ნაწილი არ არის დაინტერესებული რუსეთთან დაახლოებით ახლა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აბაშიძე-კარასინის საუბარს შეეხებოდა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, მაშინ, როდესაც რუსეთი კვლავ აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ს და როდესაც უკრაინაში მშვიდობიან ქალაქებს რუსეთი თავს ესხმის, ის დრო არ არის, როდესაც ქართველები ოფიციალურ მოსკოვთან დაახლოებით არიან დაინტერესებულები.
„ვფიქრობ, ქართველების უდიდესი ნაწილი არ არის დაინტერესებული რუსეთთან დაახლოებით ახლა, როდესაც რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას, მაშინ, როდესაც რუსეთი აგრძელებს სასტიკ თავდასხმას უკრაინის მოქალაქეებზე, სკოლებზე, საავადმყოფოებსა და ქალაქებზე. ცდილობს უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიისა და იდენტობის დარღვევას იმ გზით, როგორც ეს სცადა საქართველოში. ეს არ არის ის დრო, როდესაც ქართველები ცდილობენ რუსეთთან დაახლოებას“,- განაცხადა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის, აბაშიძე-კარასინის საუბარი Youtube-ზე, Cyber Kmara-ს არხზე გავრცელდა. გამოქვეყნებულ ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე და კარასინი ახალი მაგისტრალის მშენებლობის შესახებ საუბრობენ.
ჩანაწერის თანახმად, ზურაბ აბაშიძე მას განუმარტავს, რომ ზემო ლარსის მიმართულებით პარალელური მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს. ზურა აბაშიძემ აღნიშნული ჩანაწერის ავთენტურობა უკვე დაადასტურა.