დღეიდან აფხაზეთში დენის ყოველდღიური გათიშვის დრო იზრდება. ელექტროენერგიის მაღალი მოხმარებისა და ენგურჰესში წყლის კრიტიკული დონის გამო, დღეს შუაღამიდან ელექტროენერგიის გათიშვის მოძრავი გრაფიკის დრო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეში 5-7 საათამდე გაიზარდა. ამის შესახებ დე ფაქო მთავრობის საწარმო „ჩერნამორენერგოს“ პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, რასაც რუსული „პრაიმი“ ავრცელებს.
იანვრის შუა რიცხვებში აფხაზეთში გრაფიკული გამორთვა დღეში 4-დან 2 საათამდე შემცირდა, თუმცა თებერვალში რუსეთის ფედერაციიდან მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა შემცირდა და შესაბამისად, გათიშვების დრო გაიზარდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ თებერვალში აფხაზეთი რუსეთიდან 190 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას მიიღებს, მაშინ, როცა იანვარში ეს მოცულობა 250 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენდა.
ამდენად, დღეში 11 მილიონ კვტ/სთ-ზე მეტი მოხმარების დონის შესანარჩნებლად „ჩერნამორენერგო“ იძულებულია, აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ახალი გრაფიკი შემოიღოს. კომპანიის ცნობით, დენის გათიშვები, ასევე, ენგურჰესის წყალსაცავში წყლის კრიტიკულად დაბალი დონითა და შედინების დაბალი მოცულობით არის გამოწვეული.
აფხაზეთის დასავლეთ ნაწილში და სოხუმში, რომლებიც რუსეთიდან შესული ნაკადით იკვებება, ელექტროენერგია დღეში სამჯერ, ხუთი საათის განმავლობაში გაითიშება. აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც ელექტროენერგიას ენგურის ჰიდროელექტროსადგურიდან იღებს, დენი, ასევე, დღეში სამჯერ, თუმცა უფრო მეტი დროით, მშვიდი საათის განმავლობაში გაითიშება.