ევროზონაში ინფლაცია ზედიზედ მესამე თვეა იკლებს. მიმდინარე წლის იანვარში ინფლაციის მაჩვენებელი მოსალოდნელზე მეტად, 8.5%-მდე შემცირდა, გასული წლის დეკემბერში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი კი 9.2% იყო. მიუხედავად კლების ტენდენციისა, ევროპის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთების ზრდის მომდევნო ტალღისთვის ემზადება.
როგორც მოსალოდნელია, ბანკი ინფლაციის კიდევ უფრო მოსათოკად მონეტარულ პოლიტიკას კიდევ 50 საბაზო პუნქტით, 2.5%-მდე გაამკაცრებს. ინფლაცია მცირდება განვითარებული ქვეყნების ძირითად ნაწილში, მათ შორის, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთშიც, რაც ენერგიის გლობალური ფასების კლებითაა განპირობებული.
აღსანიშნავია, რომ საპროცენტო განაკვეთების გაზრდას ამ ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკებიც აპირებენ - აშშ-ს შემთხვევაში 0.25%-იან ზრდას ელოდებიან, ბრიტანეთის შემთხვევაში კი 0.5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.
იანვარში ევროზონაში ენერგეტიკის ჯგუფში ინფლაცია 17.2%-მდე შემცირდა, დეკემბერში ეს მაჩვენებელი 25.5%, ოქტომბრის პიკის პერიოდში კი 41.5% იყო. სურსათის ჯგუფში კი ფასებმა 1997 წლის შემდეგ რეკორდულ მაჩვენებელს, 14%-ს მიაღწია.