დონეცკის შახტარი წინა სასეზონო მომზადებას თურქეთის ქალაქ ანტალიაში გადის, სადაც უკრაინულმა გუნდმა ამხანაგური შეხვედრა სლოვენიის ჩემპიონ "მარიბორის" წინააღმდეგ გამართა და შეხვედრა ფრედ 4:4 დასრულდა. დონეცკელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი.
„შახტარის“ მთავარი მწვრთნელი იგორ იოვიჩევიჩი ქართველ ახალწვეულს ენდობა და თითქმის ყველა ამხანაგურ შეხვედრაში მისცა თავის გამოჩენის შანსი. პოზიციით მარჯვენა მცველი, გიორგი გოჩოლეიშვილი მარიბორთან გამართულ შეხვედრაში 66-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ გუნდის თავკაცმა მეორე ტაიმში როტაციას მიმართა და ძირითადი შემადგენლობის ყველა ფეხბურთელი გამოცვალა.
"შახტარი" შეკრებაზე 8 თებერვალს ორ სპარინგს ჩაატარებს - თბილისის დინამოსთან და ბოსნია ჰერცოგოვინის "სარაევოსთან". 16 თებერვალს ვარშავაში ევროპა ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში "რენს" უმასპინძლებს, სადაც დიდი ალბათობით გიორგი გოჩლეიშვილის ოფიციალური დებიუტიც შედგება. საპასუხო შეხვედრა კი 24 თებერვალს საფრანგეთში გაიმართება.