ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მიიჩნევს, რომ ნატო-მ უნდა შეწყვიტოს „წითელი ხაზების“ გავლება და გადასცეს უკრაინას იარაღი, რომელიც მას სჭირდება. ამის შესახებ ლიეტუვის პირველმა პირმა LRT-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„მე ვნახე ბევრი წითელი ხაზი, რომელიც გავლებულ იქნა. ხანდახან მექმნება შთაბეჭდილება, რომ ეს „წითელი ხაზები“ გავლებულია არა ჩვენ მიერ, დასავლეთის დემოკრატიების მიერ, არამედ რუსეთის ტერორისტული სახელმწიფოს მიერ, რომელიც ამ ხაზების გავლებას დაშინებისა და მუქარის გზით ცდილობს. ის ცდილობს ეს ხაზები თავს მოგვახვიოს“, - განაცხადა ნაუსედამ.
მისივე განმარტებით, უკრაინასთან მიმართებით, რამდენიმე „წითელ ხაზზე“ გადაბიჯება უკვე მოხდა.
„მე ვსაუბრობ არა მხოლოდ ტანკებზე. კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის ერთ დროს ასევე იყო ტაბუ. მე ეს კარგად მახსოვს. როდესაც ომი დაიწყო, გერმანიამ თავიდან კატეგორიულად განაცხადა, რომ უკრაინაში მხოლოდ ჯავშანჟილეტებს და ჩაფხუტებს გაგზავნიდა, მაგრამ არა იარაღს, მაგრამ ამ „წითელ ხაზზე“ გადაბიჯებაც საკმაოდ დიდი ხნის წინ მოხდა“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ კიდევ ერთ ხაზის გადალახვა მალე შესაძლებელი გახდება და უკრაინას დაუკმაყოფილდება თხოვნა ავიაგამანადგურებლებისა და შორი რადიუსის რაკეტების გადაცემის შესახებ.