საფრანგეთის ათობით ქალაქში მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა, ათასობით დასაქმებული კი გაიფიცა. აქციის მონაწილეები და გაფიცულები საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საპენსიო ასაკი 62-დან 64-წლამდე უნდა გაიზარდოს. გაფიცულებს შორის ქვეყნის რვა ყველაზე დიდი პროფკავშირის, მათ შორის სკოლების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ნავთობ კომპანიების წარმომადგენლები არიან. რკინიგზის ოპერატორების ინფორმაციით, ავტობუსები, მატარებლები და ტრამვაი ქალაქებში პარიზიდან ნიცამდე, ისევე როგორც რეგიონული და ჩქაროსნული მატარებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეფერხებით მუშაობს. გაფიცულია საფრანგეთში დასაქმებულ მასწავლებელთა უმეტესობაც.