დიდი ბრიტანეთის მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ მომავალი წელი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი იქნება. მეცნიერთა აზრით, ჰაერის ტემპერატურა ინდუსტრიალიზაციის დაწყების შემდეგ უმაღლეს დონეს მიაღწევს. თუ ბრიტანელ მეცნიერთა პროგნოზები ახდა, 2023 წელს ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ, 1,2 °C-ით გაიზრდება.
2023 წელი ზედიზედ მეათე წელი იქნება, როდესაც გლობალური დათბობა გრძელდება.
1850-1900 წლები პრეინდუსტრიული პერიოდის დასასრულად მიიჩნევა. ამ პერიოდის შემდეგ კაცობრიობის საქმიანობას პლანეტის კლიმატის საგრძნობლად შეცვლა მოჰყვა. პირველ რიგში, საუბარია ქალაქებისა და დიდი ქარხნების რაოდენობის ზრდაზე.
მას შემდეგ 2016 წელი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი წელი იყო და ამის მიზეზი ელ ნინიო (ესპ. El Niño – ბიჭუნა) გახდა. ეს არის კლიმატური მოვლენა, რომელიც წყნარი ოკეანის ტროპიკულ ნაწილში ზედაპირული წყლების ხანმოკლე დათბობას იწვევს. ატმოსფერული რყევების გამო, სითბო ჯერ რეგიონში ვრცელდება, შემდეგ კი პლანეტის კლიმატზე გავლენას ახდენს.
2023 წელს მეცნიერები ელ ნინიოს არ ელიან, პირიქით, უკვე სამი წელია გლობალურ ტემპერატურაზე გავლენას მისი საპირისპირო - მოვლენა - ლა ნინია (ესპ. La Niña -გოგონა) ახდენს.
ამის გამო, ტროპიკულ წყნარ ოკეანეში ზედაპირის ტემპერატურა ნორმაზე 3-5 ° C-ით დაბალი იყო, რამაც პლანეტის გაგრილება გამოიწვია. თუმცა, ლა ნინიას პერიოდი მთავრდება, სათბურის აირების ემისია კი გრძელდება და ტემპერატურის მატებას იწვევს.
„ის ფაქტი, რომ გლობალური საშუალო ტემპერატურა ათობით წლის მნძილზე 1°C-ზე ან მეტია, მსოფლიოში ტემპერატურის მნიშვნელოვან რყევებს ფარავს. ისეთ ადგილზეც კი, როგორიც არქტიკაა, პრეინდუსტრიული პერიოდის შემდეგ ტემპერატურამ რამდენიმე გრადუსით მოიმატა“, - აცხადებს ექსპერტი დაგ სმიტი.
ჯერჯერობით, ტემპერატურის საშუალო მატებაზე პროგნოზები 1,08°C-იდან 1,32°C-მდე მერყეობს.
წინა წლების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ზოგჯერ მეტეოროლოგები პროგნოზებში ცდებიან. მაგალითად, მეცნიერები ვრაუდობდნენ, რომ 2022 წელს ჰაერის ტემპერატურა პრეინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით 1,09 ° C-ით მოიმატებდა, თუმცა სინამდვილეში, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი 1.16 ° C აღმოჩნდა.