საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის ვიცე-პრემიერს რეინტეგრაციის საკითხებში ოლეგ სერებრიანს შეხვდა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ხაზი გაესვა სხვადასხვა მიმართულებით ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების წარმატებულ თანამშრომლობას და გამოითქვა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა.
ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება.
პრემიერ-მინისტრმა და მოლდოვის ვიცე-პრემიერმა დაადასტურეს მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში.
საუბარი ასევე შეეხო ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ყურადღება გამახვილდა ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულებაზე, უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამოქმედო გეგმაზე.
შეხვედრაზე განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ხაზი გაესვა არსებული გამოწვევების დასაძლევად ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი რუსლან ბოლბოჩანი, რეინტეგრაციის პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე ეუგენ კარა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.