„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის მერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ანგარიში მოიცავს საკვანძო მიმართულებებს ადამიანის უფლებათა ისეთ სფეროებში, როგორიც არის: კანონის წინაშე თანასწორობა, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებები პენიტენციურ დაწესებულებებში, ოკუპაცია და მისი შედეგები ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზე, მედიის თავისუფლების საკითხები, შშმ პირთა მდგომარეობა, LGBTQI+ პირთა უფლებები, ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის - ოჯახში ძალადობის ფაქტები, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და ა.შ.
„ქვეყანაში კვლავ დაბალია სხვადასხვა უმცირესობათა უფლებების დაცვის სტანდარტები. განსაკუთრებულ მოწყვლად ჯგუფად რჩება LGBTQI+ ადამიანები, რომელთა უფლებების დაცვისას იკვეთება სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებების დარღვევა. დისკრიმინაციულ პირობებში არიან რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებიც. ქვეყანაში საკმაოდ მაღალია ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა რაოდენობა. კითხვებს აჩენს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი, როგორც პატიმრის, პროცესუალური და მატერიალური უფლებები. მძიმე მდგომარეობაა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებსა და გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებულ სოფლებში.
ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტზე ნეგატიურად აისახება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული ცვლილებები, რომელთა ფარგლებშიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება მნიშვნელოვნად ირღვევა“, - ნათქვამია ანგარიშში.