ლევან ხაბეიშვილი ჩემი ფავორიტი იყო. შეუძლებელი იყო ლევანს არ მოეგო, ჯერ ისეთი მომზადებული იყო ფიზიკურად, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე, არჩევნების შედეგად, ლევან ხაბეიშვილი გახდა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც საზოგადოებას აჩვენებდა, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი.
„ლევან ხაბეიშვილი ჩემი ფავორიტი იყო. შეუძლებელი იყო ლევანს არ მოეგო, ჯერ ისეთი მომზადებული იყო ფიზიკურად - არჩევნებისთვის ემზადებოდა, ფიზიკურადაც დაეტყო. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები „ნაციონალურ მოძრაობაში“. ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც აჩვენებდა საზოგადოებას, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. გვახსოვს, როგორ ექცეოდნენ მოსახლეობას, რა დამოკიდებულება იყო. დღეს, როდესაც ოპოზიციაში არიან, აჩვენებენ მოსახლეობას, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიციური პარტია", - აღნიშნავს კალაძე.
ჟურნალისტის კითხვაზე, გააძლიერებს თუ არა ხაბეიშვილის გამარჯვება პარტიაში კეზერაშვილი-მერაბიშვილის ფლანგს, კალაძე განმარტავს, რომ „რეალურად, ხაბეიშვილი არავინ არის“.
„ხაბეიშვილი ამ ადამიანების მიერ დროებით დასმულია. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ჩამოაშორებენ და გააგდებენ ამ თანამდებობიდან, როგორც ნიკა მელია გააგდეს. ვნახეთ, როგორი ბინძური მეთოდებით ებრძოდნენ ერთმანეთს, ეს არის მათი ხელწერა. შეუძლებელია ეს ადამიანები შეიცვალონ. ცხადია, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეა კეზერაშვილი-მერაბიშვილი“, - აღნიშნავს კალაძე.
მან რამდენიმე კვირის წინ მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზეც ისაუბრა, რომელშიც სავარაუდოდ, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ფიგურირებს და აღნიშნა, რომ ნიკა მელიას ჩანაწერი თანაგუნდელებმა გაუვრცელეს.
„ისე ვარ დარწმუნებული, როგორ 2*2=4. ეს არის მათ მიერ ჩაწერილი და გავრცელებული. ეს ადამიანები არ და ვერ შეიცვლებიან. გვახსოვს, ხელისუფლებაში ყოფნის დროს რას კადრულობდნენ, რა ჩანაწერებს აკეთებდნენ. ფაქტობრივად, ყველა ადამიანზე ჰქონდათ კომპრომატი, ავადმყოფები იყვნენ. დღესაც, ოპოზიციაში აგრძელებენ საკუთარი გუნდის წევრების ჩაწერას. იგივე გააკეთეს მელიას შემთხვევაში”,- აღნიშნა კალაძემ.