ბაქო-სუფსის ნავთობსადენით შესაძლოა, ნავთობის ექსპორტი განახლდეს. ამის შესახებ კასპიის რეგიონში BP-ის ვიცე-პრეზიდენტმა კომუნიკაციებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ბახტიარ ასლანბეილმა APA-Economics-თან ინტერვიუს დროს განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად BP ამ ნავთობსადენს არ იყენებს და კომპანიის მთელი საექსპორტო პოტენციალი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გადის, რაც, ძირითადად, შავ ზღვაში ტანკერების მცირე რაოდენობით არის განპირობებული. თუ ამ მხრივ ვითარება შეიცვალა, ასლანბეილი ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ამოქმედებას არ გამორიცხავს. მისი ცნობით, ამ მილსადენის პოტენციალი ბოლომდე არ ამოწურულა და ის მზად არის ექსპლუატაციისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ნებისმიერ დროს ამოქმედდეს. ბაქო–სუფსას ნავთობსადენი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან საქართველოს სოფელ სუფსამდე გადის და მისი სიგრძე 837 კილომეტრია.