ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებისა და ფულადი გზავნილების გარდა საქართველოში გაზრდილია რუსული ბიზნესის დარეგოსტრირების მაჩვენებელიც. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 1-ლი მარტიდან 31 დეკემბრამდე საქართველოში რუსული და ბელარუსული მხარეთა მონაწილეობით ჯამში 20 371 ბიზნესი დარეგისტრირდა.საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციით, აქედან რუსულია 14 733-ია, ბელარუსული კი 5 358 ბიზნესსუბიექტია. დანარჩენი 280 კი ორი ქვეყნის მოქალაქეების მიერ ერთობლივად დარეგისტრირებული ბიზნესებია, მათ შორის, საქართველო-რუსეთის, საქართველო-ბელარუსის და ა.შ. ამასთან, 20 371 დარეგისტრირებული ბიზნესიდან 1 178 ერთეული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, 19 190 - ინდივიდუალური მეწარმე, ხოლო 3 უცხოური საწარმოს ფილიალია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში დარეგისტრირებული რუსული და ბელარუსული კომპანიების დიდი ნაწილის შემთხვევაში საქმიანობის სფერო მითითებული არ არის. მითითებულ შემთხვევებში კი, ყველაზე მეტი სუბიექტი ისეთ სფეროებში საქმიანობს, როგორიცაა კომპიუტერული დაპროგრამება, საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული მომსახურების სხვა საქმიანობები, საკონსულტაციო საქმიანობები კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში, კომპიუტერული საშუალებების მართვის საქმიანობები, სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა, რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები, გადაზიდვის მომსახურება და სხვა