გერმანულ გამოცემებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბუდუ ზივზივაძე, შესაძლოა, მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუეში“ გადავიდეს. აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთელის მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა.
საქართველოს ნაკრებისა და უნგრული „ფეჰერვარის“ 28 წლის თავდამსხმელის მენეჯერის თქმით, ზივზივაძე უკვე გერმანიაშია.
„ბუდუ გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუესთან“ მოლაპარაკებას ვასრულებთ. ის სამედიციცნო შემოწმებას გაივლის და თუ ყველა დეტალზე შევთანხმდებით, ზივზივაძე „კარლსრუეს“ ფეხბურთელი გახდება. კონტრაქტი კი ორწელიწად-ნახევარზე იქნება გათვლილი. თუმცა, ჯერ ხელშეკრულება არ გაფორმებულა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლაშა ოდილაძემ.
„პადერბორნთან“ ბოლო ტურში წაგების შემდეგ, გუნდი გავარდნის ზონას კიდევ უფრო მიუახლოვდა. „კარლსრუეს“ მწვრთნელი კრისტიან ეიხნერი კი შეტევის გაძლიერებას იმედოვნებს.
„კარლსრუეს“ მმართველი დირექტორი ოლივერ კრეიზერი ცდილობდა, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სამშაბათამდე დაემატებინა, რადგან 1-ელი თებერვლიდან სატრანსფერო ფანჯარა იხურება.