ჟოაო კანსელო სულ მალე მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელი გახდება.
როგორც გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და თუ არაფერი შეიცვალა, უახლოესი 24 საათის განმავლობაში 28 წლის პორტუგალიელი მცველი გერმანულ გრანდში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. უფრო მეტიც: ბრიტანული მედია წერს, რომ კანსელო გერმანიაში გასაფრენად უკვე მზადაა.
კანსელო ბაიერნს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდება. მიუნხენურ გიგანტს განაპირა მცველის დამატების აუცილებლობა ნუსაირ მაზრაუისა და ლუკა ერნანდესის ტრავმების გამო დაუდგა. გარდა ამისა, ბენჟამენ პავარი ბაიერნს, დიდი ალბათობით, ზაფხულში დატოვებს.
ცნობისთვის, ჟოაო კანსელო მანჩესტერ სიტის 2019 წელს იუვენტუსიდან შეუერთდა და მას შემდეგ "ქალაქელთა" რიგებში ჩატარებულ 154 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა. პორტუგალიელმა კარიერა ბენფიკაში დაიწყო, შემდეგ ვალენსიაში, ინტერსა და იუვენტუსში ითამაშა, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში მის ანგარიშზე 41 თამაში და 7 გოლია.