საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 4-დან 5 თებერვლის ჩათვლით პარიზში გასამართავ გრანდ სლემზე ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობით იასპარეზებს – საფრანგეთის დედაქალაქში 11 მამაკაცი და ორი ქალი ძიუდოისტი იჭიდავებს.
საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა კი ასე გამოიყურება - 60 კგ-ში იასპარეზებს თემურ ნოზაძე, 66-ში ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი, 73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილი, 81 კგ წონით კატეგორიაში - ტატო გრიგალაშვილი, 90 კილოში ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე, 100 კგ წონაში იასპარეზებენ ვარლამ ლიპარტელიანი და გიორგი ბერიაშვილი, ხოლო მძიმე წონაში იჭიდავებენ გურამ თუშიშვილი და საბა ინანეიშვილი.
რაც შეეხება ქალებს, ჩვენი ქვეყნის ღირსებას 57 კგ წონაში დაიცავს მარიამ ციხელაშვილი, ხოლო 70 კგ-ში ელისო სისაური.
ცნობისთვის, პარიზის გრანდ სლემზე 85 ქვეყნის 550 ძიუდოისტია რეგისტრირებული. შარშანდელ ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს: ლაშა შავდათუაშვილი ტურნირის ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილი მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.შეგახსენებთ, რომ 2023 წლის პირველი ტურნირი 29 იანვარს პორტუგალიაში დასრულდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა – გრან პრის გამარჯვებული ილია სულამანიძე (100 კგ) გახდა, მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი კი მეორე ადგილზე გავიდა.