ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო სარდლობის ინფორმაციით, აშშ-მა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი „ბრედლის“ საბრძოლო მანქანა გაგზავნა. მათივე ინფორმაციით, ტვირთმა ჩრდილოეთ ჩარლსტონის სანაპიროები გასულ კვირას დატოვა.
შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო სარდლობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული დახმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დამატებით შეტევითი და თავდაცვითი შესაძლებლობებით უზრუნველყოფს.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს არ გაუგზავნის. ჟურნალისტის კითხვაზე, გადასცემს თუ არა აშშ სამხედრო თვითმფრინავებს, რომელთა მიღებასაც კიევი ძალიან ცდილობს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უპასუხა, რომ უახლოეს მომავალში მსგავსი ნაბიჯი არ იგეგმება.