ამერიკელი მწერლის რიკ რიორდანის ბესტსელერი წიგნების სერიაზე, პერსი ჯექსონი და ოლიმპოელები, Disney+ სერიალს იღებს. ადაპტაციაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყო, მაგრამ რიორდანმა თავის ფანებს ვიდეომესიჯით სულ ახლახან განუცხადა, რომ ბერძნულ მითოლოგიაზე დაფუძნებულ უჩვეულო ამბებს მალე ეკრანზე ისევ ვიხილავთ.
საპილოტე სერიის სცენარს რიორდანი ჯონ სტაინბერგთან ერთად დაწერს, რეჟისორი კი ჯეიმს ბობინი იქნება. აღსანიშნავია, რომ წიგნების ავტორი ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერის როლსაც მოირგებს.
"რიორდანთან, სტაინბერგთან და დენ შოცთან ერთად, ჩვენი შემოქმედებითი გუნდი მითოლოგიური გმირებით შეუდარებელ სერიალს შექმნის, რომელიც პერსი ჯექსონის მკითხველებს ასე აღელვებთ. იუმორით, მოულოდნელობითა და დაძაბულობით სავსე ნამდვილი ბლოკბასტერი ამბების სანახავად Disney+-ის მაყურებელსაც ვიწვევთ", — აცხადებს Disney-ის წარმომადგენელი, ეიო დევისი.
ხუთი წიგნისგან შემდგარი პერსი ჯექსონის სერიის გამოცემა რიორდანმა 2005 წელს დაიწყო. საგის ბოლო ნაწილი 2009 წელს გამოვიდა, თუმცა, სერია უკვე 600 კვირაზე მეტია, რაც The New York Times-ის ბესტსელერების სიაში პოზიციებს არ თმობს. მსოფლიოში წიგნების 69 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ხუთივე წიგნი თარგმნილია ქართულადაც.
სერიის პირველი ორი რომანი, მეხის ქურდი და ურჩხულების ზღვა, ფილმებადაც გადაიღეს, სადაც მთავარ როლს ლოგან ლერმანი ასრულებს. ორივე ფილმმა ჯამურად $425 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.