ჩვენ არ ვიყავით ქალბატონო [სერგი ქურთიაშვილზე თავდამსხმელები]… ასევე, მივმართავ კვარაცხელიების ოჯახს, არანაირი შეხება მაგ საქმესთან ჩვენ არ გვქონია, ეს არის პროვოკაცია გადაეცით იმათ, ყველას, - ამის შესახებ სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა ერთ-ერთმა ძმამ, გურამ კაკულიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რითაც პროკურორ თამარ ყულჯანიშვილს მიმართა.
პროკურორის შემდგომ ბრალდებულმა, მედიასაც მოუწოდა, რომ მათი ბრალდების საქმე “ობიექტურად გააშუქონ”.
აღნიშნული მიმართვა ბრალდებულმა გურამ კაკულიამ მაშინ გააკეთა, როდესაც პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა დაასრულა, ბოლოს კი, ბრალდებულებს მიმართა.
„ცხრა თვეა ისინი აქ იმყოფებიან, ცხრა წუთით მაინც დაფიქრდნენ მათ მიერ ჩადენილ ქმედებაზე. ნამდვილად არ არის სახარბიელო ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ სხვა ცხოვრების წესი აირჩიონ და კარგი საქმით დაამახსოვრონ თავი საზოგადოებას, ამ საქმით ამახსოვრებენ ისინი თავს საზოგადოებას”, - განაცხადა თამარ ყულჯანიშვილმა.
შეგახსენებთ, ძმებ დავით და გურამ კაკულიებს სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობა ედებათ ბრალად, რა დროსაც იარაღიდან დაიჭრა სერგი ქურთიაშვილი და მასთან მყოფი პირი, გიორგი კაჭკაჭაშვილი. რაც შეეხება ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტს, გამოძიება ასევე, კვარაცხელიას მკვლელობის შესაძლო დამკვეთების გამოვლენასთან დაკავშირებით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საქმეზე გამოძიებამ ძმები კაკულიებიც გამოჰკითხა.