2023 წელს, ვენახების კადასტრის პროგრამა დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რეგიონებში განხორციელდება, - ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.როგორც სააგენტოში განმარტავენ, აღნიშნული პროგრამა მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. უფრო კონკრეტულად კი, იგი უზრუნველყოფს რთველის პროცესის ორგანიზებულად ჩატარებას, ასევე ყურძნისეული პროდუქტების მიკვლევადობას.
ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის რეგისტრაციით და მოიცავს ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას და ა.შ. ინფორმაციის შეკრება ხდება საველე პირობებში, მევენახეების გამოკითხვით და აერო-ფოტოებზე გამოხატული ვენახის ნაკვეთების იდენტიფიკაციით.