აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგასთან სროლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, ნევ იაკოვში შეიარაღებულმა პირმა მოქალაქეებს ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როდესაც ისინი ლოცვის შემდეგ სინაგოგას ტოვებდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ 9 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მას სამართალდამცავებმა ცეცხლი გაქცევის მცდელობისას გაუხსნეს.
ისრაელის მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ თავდამსხმელი 21 წლის პალესტინელი იყო. მომხდართან დაკავშირებით, ისრაელის უშიშროების საბჭოს სხდომა დაინიშნა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერს ტელეფონით ესაუბრა და შეერთებული შტატების მხარდაჭერა აღუთქვა. მან მომხდარი ცივილიზებულ მსოფლიოზე თავდასხმად შეაფასა. განცხადება გაავრცელა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც.
„აშშ უმკაცრესად გმობს საზარელ ტერაქტს. ვადასტურებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას ისრაელის უსაფრთხოების მიმართ“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.