უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 10 სარაკეტო და 26 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, მათ უკრაინის ტერიტორია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 81-ჯერ დაბომბეს. გენშტაბის ცნობით, თავდასხმას მშბვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედიის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც, ერთ-ერთ მათგანზე ხანძარი გაჩნდა. დაშავდა ერთი ადამიანი.