ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანიის, Tesla-ს შემოსავლები 2022 წლის IV კვარტალში რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. საერთო ჯამში, საანგარიშო პერიოდში კომპანიამ 24 მილიარდ 300 მილიონი დოლარის შემოსავლების გენერირება შეძლო. შემოსავლების ზრდის მიუხედავად, შემცირებულია ელექტრომობილების გაყიდვებიდან მიღებული მოგების მარჟა, რომელიც 26%-ის ფარგლებშია. ეს უკანასკნელი ცვლილება კი იმაზე მიუთითებს, რომ ელექტრომობილების ბაზარზე Tesla-ს უკვე სხვა მსხვილი ავტომწარმოებელი კომპანიებიც სათანადო კონკურენციას უწევენ.
ანალიტიკოსების შეფასებით, დროსთან ერთად მოგების მარჟა კიდევ უფრო მეტად შემცირდება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც აშშ-ის ბაზარზე ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიებიც შევლენ. სხვათა შორის, ჩინეთი ის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელზეც Tesla-ს ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა ინვესტორებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.
მასკის განცხადებით, ჩინური კომპანიები ყველაზე გულმოდგინედ მუშაობენ და Tesla-სათვის ყველაზე დიდ საფრთხეს სწორედ აზიური კომპანიები წარმოადგენენ და არა ამერიკული თუ ევროპული ანალოგები.