“თარგმანში დაკარგული“ (Lost in Translation, 2003, სოფია კოპოლა) - სოფია კოპოლას ეგზისტენციალური მელოდრამა, რომელიც საკუთარ თავსა და სურვილებში დაბნეული ახალგაზრდა ქალისა და ცხოვრებით მოქანცული საშუალო ასაკის მამაკაცის ურთიერთობის ფონზე განიხილავს გაუცხოების თემას, კრიტიკოსებმა 21-ე საუკუნის საავტორო კინოს საუკეთესო ნამუშევრად შეაფასეს და პირველ რიგში თხრობის არასტანდარტული მანერა აღნიშნეს, რომლის წყალობით რეჟისორმა სრულიად ახლებურად ასახა ერთი შეხედვით გაცვეთილი და მოძველებული რომანტიკული ისტორია.
სწავლაზე გულის აცრუებისა და კოლეჯის მიტოვების შემდეგ სოფია კოპოლა, რომელიც მისივე განცხადებით მწვავე კრიზისს განიცდიდა, ხშირად მოგზაურობდა იაპონიაში და საკუთარი თავი პოვნას ხან მოდის, ხან ფოტოგრაფიის სფეროში ცდილობდა, წლების შემდეგ კი, როცა მამის - ფრენსის ფორდ კოპოლას მსგავსად, რეჟისურა აქცია საკუთარ პროფესიად, ისევ იაპონიაში გაემგზავრა სადებიუტო დრამის „თვითმკვლელი ქალიშვილების“ სარეკლამო კამპანიით და სწორედ საყვარელ სასტუმროში Park Hyatt Tokyo-ში დაბინავებულმა ჩაიფიქრა ახალი პროექტი - ორი ინტელექტუალის - ასაკოვანი მამაკაცის და ახალგაზრდა ქალის ისტორია, რომლებიც სრულიად უცხო ქალაქში შეხვდნენ ერთმანეთს და სწორედ აზიური მეგაპოლისის ურბანისტული პეიზაჟების ფონზე განიცადეს ერთგვარი „რომანტიკული მელანქოლია“.
ისტორიის დამუშავებას კოპოლა მხოლოდ სახლში დაბრუნების შემდეგ შეუდგა, თუმცა იმდენად რთული აღმოჩნდა დასრულებული სიუჟეტის შექმნა, რომ სცენარის არა ტრადიციული ფორმით, არამედ მცირე აბზაცებად დაწერა გადაწყვიტა და მხოლოდ მოგვიანებით, ძმასთან, ცნობილ სცენარისტთან რომან კოპოლასთან ერთად მოუყარა თავი 20-გვერდიან ისტორიაში, მერე კი, ისევ ტოკიოში დაბრუნდა დეტალების დასახვეწად, მით უფრო, რომ სწორედ იაპონიის დედაქალაქში შეძენილ ნაცნობებში ეძებდა შთაგონებას.
თუმცა, სცენარზე მუშაობისას კოპოლამ არა მხოლოდ იაპონიაში მიღებული შთაბეჭდილებები მოიშველია, არამედ ცნობილი შედევრები "ცისფერი სიზმარი", "თავგადასავალი" და "მთელი ეს ჯაზი" გამოიყენა, რადგან როგორც თავად აღნიშნა, სწორედ კლასიკოსებისგან - ჰოვარდ ჰოუქსის, ბობ ფოსისა და მიქელანჯელო ანტონიონისგან ისწავლა ნამდვილი რომანტიკული მოთხრობის შექმნისა და სიტყვების ნაცვლად ქარაგმებით საუბრის ხელოვნება.
სხვათა შორის, მთავარი პერსონაჟის - შარლოტას მსგავსად, იაპონიაში მოგზაურობისას კოპოლასაც შეექმნა პრობლემები მეუღლესთან - რეჟისორ სპაიკ ჯონსონთან, რომელსაც "თარგმანში დაკარგულის" ეკრანებზე გამოსვლიდან რამდენიმე თვეში დაშორდა.
ფილმის მთავარი თემის - სამყაროსგან გაუცხოების და საკუთარი თავის ძიების მარადიული პრობლემის განხილვა კოპოლამ არა ბანალურად და სწორხაზოვნად, არამედ სხვადასხვა ასაკის ადამიანების სულიერ-ემოციონალური კრიზისის ფონზე გადაწყვიტა და მაყურებელს რადიკალურად განსხვავებული პერსონაჟები შესთავაზა.
ახალგაზრდა შარლოტას სკარლეტ იოჰანსონის განსახიერებით, წარმოდგენა არ აქვს როგორ იცხოვროს კოლეჯის დასრულების შემდეგ ახლად შეძენილ მეუღლესთან ერთად, ანალოგიური პრობლემა ტანჯავს ყოფილ ტელევარსკვლავს ბობ ჰარისს, რომელიც საშუალო ასაკის კრიზისს განიცდის და ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს საკუთარი კარიერით დაწყებული, ქორწინების დასრულებული.
რა თქმა უნდა, რეჟისორი არ ცდილობს ილუზიის შექმნას და მაყურებლის მოტყუებას, თითქოს სწორედ შემთხვევითი შეხვედრის წყალობით შეძლებენ პერსონაჟები ერთმანეთის და საკუთარი თავის გადარჩენას, თუმცა დარწმუნებულია, რომ ზოგჯერ მონათესავე სულის პოვნაც საკმარისია საკუთარი ტკივილის გულწრფელად გაზიარებისა და შვების მოსაპოვებლად.
მამაკაცის მთავარ როლზე კოპოლას მხოლოდ ბილ მიურეის მიწვევა სურდა, რადგან როგორც თავად აღნიშნა, „ძალიან მოსწონდა მისი ირონიანარევი იუმორი და მეტწილად ინდიფერენტული, თუმცა ზოგჯერ ძალიან ცინიკური მზერა“. მეტიც, სწორედ მიურეიზე მორგებით შექმნა რეჟისორმა ასაკოვანი, თუმცა ბავშვურად უწყინარი ბობ ჰარისის პერსონაჟი, რომელიც შეფარული სიმპათიის მიუხედავად, მაინც ნაკლებად ჰგავს ახალგაზრდა ქალის ცბიერ მაცდუნებელს. კოპოლა დარწმუნებული იყო, რომ მიურეი სწრაფად გამონახავდა საერთო ენას საკუთარ ეკრანულ ორეულთან, უარის შემთხვევაში კი, ვერც თვითონ შეძლებდა ფილმის გადაღებას, რადგან თავიდანვე გამოირიცხა სხვა მსახიობებთან თანამშრომლობა.
საკმაოდ რთული აღმოჩნდა ექსცენტრიკულობით ცნობილი მიურეის მოძიება, რომელსაც ხშირად მეგობრებიც ვერ პოულობდნენ. როგორც აღმოჩნდა, მსახიობს აგენტიც კი არ ჰყავდა, რადგან ყოფილი იმპრესარიო გაუფრთხილებლად დაითხოვა, მის ნაცვლად კი ავტომოპასუხე შეიძინა.
კოპოლას რამდენიმე თვე და 100-მდე შეტყობინების გაგზავნა დასჭირდა მსახიობის მოსაძიებლად, რომელსაც საერთო ნაცნობის დახმარებით გადასცა სცენარი და მხოლოდ მაშინ მიიღო პასუხი, როცა საბოლოოდ გადაეწურა იმედი. ახალგაზრდა რეჟისორი მიურეიმ ნიუ-იორკის რესტორანში მიიწვია, სადაც მეგობრებთან ერთად ვახშმობდა და მხოლოდ რამდენიმე დეტალის დაზუსტების შემდეგ დათანხმდა მის პროექტში მონაწილეობას, თუმცა სტანდარტული კონტრაქტის ნაცვლად ერთგვარი ჯენტლმენური შეთანხმება გააფორმა და მხოლოდ სიტყვიერად შეჰპირდა, რომ აუცილებლად დროულად გემგზავრებოდა იაპონიაში.
რა თქმა უნდა, მიურეის არც უფიქრია სცენარის წაკითხვა, მით უფრო გადაღებებისთვის მომზადება. როგორც თავად მსახიობმა აღნიშნა, „ყოველთვის ზედმეტად თავხედი იყო, ამიტომ ერთის მხრივ, საკუთარი შესაძლებლობების სჯეროდა, მეორეს მხრივ, კოპოლას იმედი ჰქონდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ცნობილი კინოდინასტიის წარმომადგენელი თავს არ შეირცხვენდა“. მართალია, ტოკიოში მიურეი დაგვიანებით, მხოლოდ გადაღებების დაწყების დღეს ჩავიდა, მაგრამ სასოწარკვეთილი კოპოლა, რომელიც მუშაობის გადადებისთვის ემზადებოდა, მისი გამოჩენითაც ბედნიერი დარჩა.
ბევრად მარტივი აღმოჩნდა მსახიობის შერჩევა ქალის მთავარ როლზე. კოპოლამ ჯერ კიდევ 1995 წელს, დრამაში "სამართლიანი სასამართლო" შეამჩნია 11 წლის სკარლეტ იოჰანსონი და ინტერესით ადევნებდა თვალს მის პროფესიულ ზრდას. აღსანიშნავია, რომ მოზარდისთვის უჩვეულო სერიოზულობის წყალობით იოჰანსონი ასაკთან შედარებით ბევრად მოწიფულად გამოიყურებოდა, იერით კი, ძალიან ჰგავდა თავად რეჟისორს, ამიტომ იდეალურად ერგებოდა მის ეკრანულ "ალტერ ეგოს". კოპოლა დარწმუნებული იყო, რომ იოჰანსონი, რომელმაც სწორედ ფილმის გადაღებებზე აღნიშნა 18 წელი, სირთულეებს არ შეუშინდებოდა და შესანიშნავად გაართმევდა თავს დაკისრებულ მისიას. სიამოვნებით დათანხმდა შეთავაზებას თავად იოჰანსონიც, რომელიც სწორედ საავტორო კინოს ანიჭებდა უპირატესობას.
მთავარი პერსონაჟების შერჩევის შემდეგ, კოპოლამ მეორე პლანის მსახიობებით შეავსო დასი და ჯონის - შარლოტას მეუღლის როლი ჯოვანი რიბიზის შესთავაზა, ჰოლივუდის ქერათმიანი ვარსკვლავი - ანა ფერისს ჩააბარა, იაპონელ ტელეწამყვანს ტაკასი ფუძის და მოდური ჟურნალის Dune-ის რედაქტორს ფუმიჰირო ჰაიასის კი, მხოლოდ კამეო-როლების შესრულება მიანდო.
მართალია, მუშაობის დაწყებამდე სოფიამ კონსულტაცია მამასთან გაიარა, მაგრამ ნაკლებად გაითვალისწინა მისი რჩევა ესარგებლა ციფრული კამერით, რადგან ფირზე გადაღება უფრო მოსწონდა. მეტიც, ოპერატორს ლენსს აკორდს ხელის კამერით მუშაობა და მგრძნობიარე ფირის გამოყენებაც კი სთხოვა, რომელსაც ნაკლებად სჭირდებოდა სპეციალური განათება. კოპოლას ყოველთვის იზიდავდა ნეონის აბრებით გაფორმებული ქალაქი, ამიტომ მეტწილად ბუნებრივი განათება გამოიყენა, რითაც ერთგვარი „მეტალის განწყობა“ შესძინა იაპონურ მეგაპოლისს.
კოპოლამ მაქსიმალურად გაამარტივა გადაღების პროცესი, თუმცა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება არ იმდენად მუშაობის სწრაფად დასრულების სურვილმა, რამდენადაც მწირმა დაფინანსებამ აიძულა. ამასთანავე, რეჟისორს არც ტოკიოში ფილმის დადგმის უფლება ჰქონდა, რომლის მიღებას რუტინული და საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურის გავლა სჭირდებოდა. აკრძალული აღმოჩნდა იაპონიის დედაქალაქის მეტროში ლეგალურად გადაღებაც, ამიტომ რამდენიმე სცენა ვითომ შემთხვევით მეტროში აღმოჩენილმა ოპერატორებმა ე.წ. "პარტიზანული მეთოდით" გადაიღეს.
სერიოზულ პრობლემები შეექმნა რეჟისორს შემოქმედებით ჯგუფთან ურთიერთობისას, რომლის დიდი ნაწილი ინგლისურის არმცოდნე იაპონელებმა შეადგინეს. ამერიკელებს ძალიან გაუჭირდათ აზიელ კოლეგებთან თანამშრომლობა, მით უფრო, რომ კოპოლას, რომელიც მეტწილად იმპოვიზირებული გადაღებების იმედად იყო, ამიტომ არც იაპონურ კინოსტუდიასთან ჰქონდა ოფიციალურად შეთანხმება, არც პავილიონების დაქირავებას და დეკორაციის მოწყობას გეგმავდა, ყველაფრის დამოუკიდებლად ორგანიზება მოუწია.
მართალია, ფილმის გადასაღები მეტწილად Park Hyatt Tokyo-სა და მის დეკორაციებში მოეწყო, მაგრამ სასტუმროს ადმინისტრაციამ სტუმრების სიმშვიდის დარღვევა არ მოინდომა და გადამღებ ჯგუფს მხოლოდ ღამით მუშაობის უფლება მისცა, რამაც კიდევ უფრო გაართულა ისედაც დაძაბული სამუშაო პროცესი.
თუმცა, ფილმის გადაღება მხოლოდ 27 დღე გაგრძელდა და ყველას გასაკვირად ზუსტად ჩაეტია გაწერილ გრაფიკში, რაც ისევ კოპოლას დამსახურება აღმოჩნდა, რადგან რეჟისორმა წინასწარ შექმნა ერთგვარი ფოტოალბომი, რომლითაც მარტივად ილუსტრირებდა საკუთარ ჩანაფიქრსა და გადაღების გეგმას.
მუსიკალურ ფონზე სამუშაოდ კოპოლამ ძველი მეგობარი ბრაიან რაიტცელი მიიწვია, რომელმაც ფილმის მუსიკალური პროდიუსერობა ითავა და ჯერ ირლანდიური როკ-ჯგუფის My Bloody Valentine-ის ლიდერის კევინ შილდსის ოთხი ორიგინალური სოლო კომპოზიცია მოიპოვა ავტორთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად, მერე კი, არაჩვეულებრივი მიქსები შექმნა დრიმ-პოპის სტილის ნაკრებისთვის, რომელიც კოპოლამ არა მხოლოდ ფილმის საუნდთრეკად, არამედ სცენარზე მუშაობის დროსაც გამოიყენა შესაბამისი განწყობის შესაქმნელად.
ფილმის პრემიერა 2003 წლის სექტემბრის თვეში მოეწყო კოლორადოს შტატში, ტელურიდის საერთაშორისო კინოფესტივალზე, მსოფლიო გაქირავებაში კი, რამდენიმე თვეში ჩაეშვა და 119 მილიონი დოლარიც მოაგროვა, რაც შესანიშნავი მაჩვენებელი აღმოჩნდა არტჰაუსის ჟანრის ფილმისთვის, რომლის ბიუჯეტმა მხოლოდ 4 მილიონი დოლარი შეადგინა.
მართალია, "თარგმანში დაკარგულმა" ამერიკელი კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა, რომელთაც ერთხმად აღნიშნეს ფილმის თანდაყოლილი და ჰოლივუდისთვის უჩვეულო "სიბრძნე და გონიერება", იუმორის და ფილოსოფიური მსჯელობის დახვეწილი შერწყმა, იოჰანსონის არაჩვეულებრივი თამაში და მიურეის ბრწყინვალე ნიჭი, მაგრამ უკმაყოფილო აღმოჩნდნენ იაპონელები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის გაუგებარ ეგზოტიკურ მხარედ ჩვენებამ გაანაწყენა, სადაც გროტესკული მასხარები უფრო მრავლად იყვნენ, ვიდრე სრულფასოვანი ადამიანები.
რა თქმა უნდა, კოპოლას არც უფიქრია იაპონელების დამცირება, რადგან მან მხოლოდ ამომავალი მზის ქვეყანაში ხანმოკლე მივლინებით ჩასული უცხოელების თვალით დანახული ქვეყანა ასახა, რომელთაც არასდროს ჰყოფნით დრო უძველესი ცივილიზაციის, ურთულესი ენისა და თვითმყოფადი კულტურის გასაცნობად.
იაპონელებისგან განსხვავებით, "თარგმანში დაკარგული", რომელიც "ოქროს გლობუსის" და "ოსკარის" პრემიით აღინიშნა ორიგინალური სცენარის ნომინაციაში, ძალიან მოიწონეს ევროპელებმა, განსაკუთრებით ვენეციის კინოფესტივალის მესვეურებმა და ბრიტანული კინოაკადემიის წარმომადგენლებმა.