მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს, 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით, სამხრეთ აფრიკა, კეიპტაუნი უმასპინძლებს.
"უმცროსი ბორჯღალოსნები" „გ“ ჯგუფში მასპინძელი სამხრეთ აფრიკის, არგენტინის და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებს. „ა“ ჯგუფში ჩემპიონი საფრანგეთი, უელსი, ახალი ზელანდია და იაპონია, ხოლო „ბ“ ჯგუფში ავსტრალია, ინგლისი, ირლანდია და ფიჯი მოხვდნენ.
ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 24 და 29 ივნისს, ასევე, 4 ივლისს გაიმართება, ნახევარფინალები 9 ივლისს შედგება, ფინალები კი - 14 ივლისს.
ჯგუფის გამარჯვებულები და საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის ნახევარფინალში გადიან, ორი მეორეადგილოსანი და ორი უკეთესი მესამეადგილოსანი მე-5-მე-8 ადგილებს გაითამაშებენ, ხოლო უარესი შედეგის მქონე მესამეადგილოსანი და სამი მეოთხეადგილოსანი მე-9-მე-12 ადგილებისთვის იბრძოლებენ. მე-12 ადგილზე გასული გუნდი 2024 წელს „ალაფაზე“ დაქვეითდება.
2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა „ალაფა“ 15-იდან 30 ივლისამდე კენიაში გაიმართება და მასში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. „ა“ ჯგუფში შოტლანდია, ურუგვაი, კანადა ან აშშ და აფრიკის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული ითამაშებენ; „ბ“ ჯგუფში ესპანეთი, სამოა, კენია და ჰონკონგი.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატსაც სამხრეთი აფრიკა მასპინძლობს.
შეგახსენებთ, "უმცროსი ბორჯღალოსნები" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში 2015 წელს აღზევდა და უძლიერესთა შორის ადგილი ზედიზედ 4-ჯერ შეინარჩუნა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ეს „ალაფიდან“ დაწინაურებულმა ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა. 2020-22 წლებში ტურნირი კოვიდ-პანდემიის გამო გაუქმდა და 3-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, რაგბის დაარსების 200 წლის იუბილეზე ბრუნდება.