ქარის გენერატორებმა უამრავი პრობლემა გამოავლინეს, მზის ელექტროსადგურებისთვის საკმარისი მზის სხივები ყველგან არ არის. თანაც, მზის პანელი დიდ ადგილს იკავებს და ვარგისობის ვადა აქვს, ამიტომ მალე მათი გადამუშავების პრობლემაც გაჩნდება. მოკლედ, მზის ენერგიის „ეკოლოგიურობა“ საკმაოდ საეჭვოა. აი ამ დროს იაპონელმა მეცნიერებმა ელექტროენერგიის გამომუშავების ახალი საშუალება იპოვეს და ის არც მეტი, არც ნაკლები, თოვლია.
სინათლე და სითბო - ცივი თოვლისგან!
გამოცემა Nikkei Asia იაპონელი მეცნიერების იდეაზე წერს, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე რეალობად უნდა იქცეს. 2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის გაზაფხულამდე ამომავალი მზის ქვეყანაში აპირებენ თოვლისგან ელექტროენერგიის მიღების ტექნოლოგიის გამოცდას.
ტოკიოს ტელეკომუნიკაციების უნივერსიტეტის მეცნიერებმა ფირმა Forte-სთან ერთად შექმნეს ტურბინა, რომელიც, მათი ჩანაფიქრის მიხედვით, თოვლსა და ჰაერს შორის ტემპერატურის სხვაობის გამოყენებით ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ტურბინის გამაგრილებელ სითხეში კონვექციური დენი წარმოიქმნება, რომელსაც მბრუნავი ტურბინა ელექტროენერგიად გარდაქმნის.
მიიჩნევა, რომ ამ მეთოდის მარგი ქმედების კოეფიციენტი მზის პანელების ეფექტურობას უტოლდება.