საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, მოტყუებით ქონებრივი დაზიანების, გულგრილობისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტებზე, პასუხისგებაში 5 პირი მისცეს.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თითქოსდა განახორციელეს მარცვლეულის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები, რა გზითაც უსაფუძვლოდ შეიქმნეს 150 961 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომ გამოიყენეს მიმდინარე გადასახადების დასაფარად.
„ამავდროულად, 2022 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ორი კომპანიის სახელით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 447 742 ლარის საბაჟო ღირებულების 476 347 კილოგრამი არადეკლარირებული ხორბალი.
დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებულმა ზიანმა ჯამში შეადგინა დაახლოებით 231 000 ლარი.
ამ ეტაპზე მხარის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ზიანის ანაზღაურების სახით შეტანილია 170 000 ლარი.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილებისა და სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული დარჩენილი ზიანის დაფარვის უზრუნველსაყოფად.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 185-ე, 220 პრიმა და 214-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.