სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების შემდეგ ვინმე წავა პარტიიდან, ძალიან არასწორი მგონია, რაც მეორე მხრიდან არის „შემოგდებული“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან არ დააკონკრეტა, თუ როგორ დაკომპლექტდება არჩევნების შემდეგ პარტია, თუმცა, განმარტა, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლას არავინ აპირებს.
„არავინ აპირებს წასვლას. ორივე მხარე ამაზე ვთანხმდებით და რატომ ვაგრძელებთ, ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია. მეორე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ახალ გუნდზე და გავაკეთეთ წარდგენა, ამ შემთხვევაში გიორგი კირთაძის, პარტიის გენერალურ მდივნად, ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია. გამარჯვებული კანდიდატი აკომპლექტებს გუნდს, რომელიც წინა პოზიციაზე უნდა იყოს. ანალოგიური გააკეთა გიორგი მუმლაძემ და ჩვეულებრივი ამბავია. აბსოლუტურად ნორმალური იქნება, თუ ლევან ხაბეიშვილი თავის გუნდს წარადგენს, სადაც დაასახელებს ვანო მერაბიშვილს, დავით კეზერაშვილს და სხვა ადამიანებს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ამაში არაფერი ცუდი არის. პირიქით, ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ მცდელობა პოლიტიკურ პროცესებში შემოვიდნენ, პარტიის კონკრეტული პოზიციებიც უნდა დაიკავონ“,- განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, რეგიონულ ლიდერებს მეტი ყურადღება და ჩართულობა სჭირდებათ. ბაჩო დოლიძე ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით მეტი მუშაობაა საჭირო.
„ეს არის საერთო პრობლემა, ყველას ბრალი, რომ ვერ მოვახერხეთ და ძალიან ღირსეული ადამიანები თავის დროზე ვერ ჩავრთეთ პარტიის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს ყველას ბრალია და არა ცალკე აღებული კონკრეტული ადამიანის, რა პოზიციასაც არ უნდა იკავებდეს“,-განაცხადა დოლიძემ.