შეერთებული შტატების ახალი ელჩი, ლინ ტრეისი მოსკოვში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„ელჩო ტრეისი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსეთში“, - აღნიშნულია საელჩოს „ტელეგრამის“ არხზე გამოქვეყნებულ პოსტში.
რუსული მედიის ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა და რუსეთში აშშ-ის ახალმა ელჩმა, ლინ ტრეისიმ 24 იანვარს ვაშინგტონში შეხვედრა გამართეს.
იმავე დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლინ ტრეისთან გაგრძელდება მოლაპარაკებები, რომელიც ფოკუსირებულია რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების პრობლემურ ასპექტებზე.
რიაბკოვის თქმით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის არსებულ პრობლემურ საკითხებზე საერთო ენის გამონახვა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
ლინ ტრეისი აშშ-ის სენატმა რუსეთში ელჩად 2022 წლის 21 დეკემბერს დაამტკიცა. ნოემბრის ბოლოს მან სენატში გამართულ მოსმენებზე განაცხადა, რომ იზიარებს ვაშინგტონის პოლიტიკას რუსეთის მიმართ და მხარს უჭერს ანტირუსულ სანქციებს.