გასული წლის მსოფლიო პირველობა ფეხბურთში, რომელიც არგენტინის ნაკრების ჩემპიონობით დასრულდა, ლიონელ მესის ერთგვარ ტრიუმფად იქცა, რადგან სწორედ მისი ბრწყინვალე თამაშის წყალობით სძლიეს არგენტინელებმა ფრანგებს ფინალურ მატჩში და მოიპოვეს საბოლოო გამარჯვება. აღსანიშნავია, რომ „ოქროს ბურთის“ შვიდგზის მფლობელმა მესიმ არა მხოლოდ ანგარიში გახსნა გადამწყვეტ თამაშში, არამედ ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ტიტულიც დაიმსახურა ტურნირის მანძილზე გატანილი შვიდი გოლის წყალობით.
ლიონელ ანდრეს მესი 1987 წლის 24 ივნისს დაიბადა როსარიოში - არგენტინელი რევოლუციონერის ერნესტო გევარას მშობლიურ ქალაქში. საინტერესო დამთხვევა რამდენიმე წლის წინ ფრანგულმა გამოცემამ L’Equipe-მა გამოიყენა, როცა მესის კომანდანტეს ცნობილი იმიჯი მოარგო, მინაწერით „ლიონელ მესი - ბარსელონელი ჩე“ გამოაქვეყნა გარეკანზე და სწორედ ასე გაუსვა ხაზი მის დამსახურებას კატალონიურ კლუბში.
მომავალი ვარსკვლავი, რომლის მამა ფოლადს ადნობდა, დედა კი დამლაგებლად მუშაობდა, ნაკლებად შეძლებულ, თუმცა საოცრად მეგობრულ ოჯახში გაიზარდა უფროს ძმებსა და დასთან ერთად. მართალია, ლიონელის წინაპრებს შორის იტალიელებიც მრავლად იყვნენ და ესპანელებიც, ამიტომ ერთნაირად შეეძლო როგორც squadra azzura-ს, ისე Furia Roja-ს შემადგენლობაში ასპარეზობა, მაგრამ ფეხბურთელმა ბოლომდე უერთგულა მშობლიურ არგენტინას და მოქალაქეობის მიუხედავად, მაინც მოკრძალებულად უარყო ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის შეთავაზება.
სკოლაში სწავლისას მოზარდი ლიონელი ნაკლებად გამოირჩეოდა მონდომებით და გაკვეთილებსაც ხშირად აცდენდა, მით უფრო, რომ საკმაოდ ადრე - ხუთი წლის ასაკში ჩაირიცხა ბავშვთა საფეხბურთო კლუბში „გრანდოლიში“, რომელშიც მისი უფროსი ძმა თამაშობდა. თუმცა, უკვე პროფესიონალი ფეხბურთელი მუდმივად ეხმარებოდა სკოლას ფინანსურად, სადაც მოგვიანებით მისი მუზეუმი გაიხსნა.
ქალაქის გარეუბანში მოწყობილ სპორტულ კომპლექსში მესი ბებიას დაჰყავდა, რადგან ერთადერთი იყო, ვინც შვილიშვილის გატაცებას უჭერდა მხარს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ გოლების უმეტესობა ფეხბურთელმა სწორედ საყვარელ ბებიას მიუძღვნა.
აღსანიშნავია, რომ „გრანდოლი“, სადაც მთავარ მწვრთნელთან ერთად უფროსი მესიც მუშაობდა, სწორედ ლიონელის მისვლით დაწინაურდა. ნორჩი ფეხბურთელი ბურთის მიღებისთანავე წარმოუდგენელ სიჩქარეს ავითარებდა, მოხერხებულად უვლიდა გვერდს მეტოქეებს და ყოველთვის დამოუკიდებლად გაჰქონდა გოლები, რის გამოც ხშირად დიეგო მარადონას ადარებდნენ, მოგვიანებით კი, ისევ სისწრაფისა და მოხერხებულობის წყალობით შეიძინა „ატომური რწყილის“ ზედმეტსახელი კატალონიელი გულშემატკივრისგან.
11 წლის ლიონელს ექიმებმა ზრდის ჰორმონის დეფიციტის დიაგნოზი დაუსვეს, რაც ფიზიკური განვითარების შეფერხებას ნიშნავდა. მშობლებს, რომელთაც საკმარისი თანხა არ აღმოაჩნდათ შვილის სამკურნალოდ, დახმარების ხელი კატალონიური კლუბის მესვეურებმა გაუწოდეს, რომელთაც ოჯახს ევროპაში გადაბარგება და მკურნალობის ანაზღაურება შესთავაზეს.
პირველი კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან ფეხბურთელმა 2000 წელს, ბარსელონას ერთ-ერთ რესტორანში გააფორმა ჩვეულებრივ ხელსახოცზე, როცა მისმა მამამ - ხორხე მესიმ 13 წლის ლიონელთან ოფიციალური ურთიერთობის დაუყოვნებლივ დაკანონება მოითხოვა, კლუბის სპორტულ დირექტორს კარსელ რაკსაჩს კი, თაბახის ფურცელი არ აღმოაჩნდა, ამიტომ შეთანხმება ჰონორარსა და სამედიცინო მომსახურების ყველა ხარჯის ანაზღაურებაზე მხარეებმა ჩვეულებრივ ხელსახოცზე გააფორმეს. აღსანიშნავია, რომ დღეს ორიგინალური კონტრაქტი „ბარსას“ მუზეუმშია გამოფენილი და მის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ექსპონატად ითვლება.
პირველი ოფიციალური მატჩი „ბარსელონას“ შემადგენლობაში მესიმ 2004 წლის ოქტომბრის თვეში ჩაატარა, სადებიუტო გოლი კი, 2005 წლის მაისში გაიტანა „ალბასეტეს“ კარში და კატალონიური კლუბის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც ესპანეთის ჩემპიონატში შეძლო მეტოქის კარის აღება. აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში ლიონელი მხოლოდ 17 წლის 10 თვისა და 7 დღის იყო. ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა დებიუტი ეროვნულ ნაკრებში, რომელიც 2005 წელს შედგა. უნგრელებთან მატჩში ლიონელმა მხოლოდ 47 წამი გაატარა მოედანზე, რადგან 64-ე წუთზე გასული მალევე გააძევეს წითელი ბარათით დაჯარიმებული.
2007 წელს 11 მარტს ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა მესიმ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ და კარიერის პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა სამი გატანილი გოლით, ერთი თვის შემდეგ კი, ესპანეთის თასის ნახევარფინალურ მატჩში „ხეტაფეს“ წინააღმდეგ, ჩამოიტოვა ხუთი მეტოქე და ტრავმირებული მარჯვენა ფეხით გაიტანა გოლი, რომელიც ჟურნალისტებმა მარადონას „ასწლეულის გოლს“ შეადარეს.
აღსანიშნავია, რომ თამაშის მანერის წყალობით მესის ხშირად ადარებდნენ დიეგო მარადონას, რომელიც უკვე 18 წლის ასაკში მიიჩნევდა ლიონელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად. მართალია, სხვების მსგავსად თავიდან მესიც მხოლოდ იმედისმომცემი ახალგაზრდა არგენტინელი იყო, მაგრამ კარიერის მანძილზე მრავალგზის დაამტკიცა, რომ მართლაც არაფრით ჩამორჩება საკუთარ კერპს, თუმცა არგენტინაში მაინც ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე მისი სახელოვანი თანამემამულე, რაც არა მხოლოდ ნაკრების შემადგენლობაში მარცხიანი თამაშით, არამედ რადიკალურად განსხვავებული ხასიათითაც აიხსნება. მეტად ემოციური და ხშირად ეპატაჟური მარადონას ფონზე მესი საოცრად მორცხვი და მოკრძალებულია, იშვიათი თავშეკავებით გამოირჩევა და არასდროს ცდილობს ექსტრავაგანტური ქცევით პუბლიკის ყურადღების მიქცევას.
2015 წელს ამერიკის თასის ფინალურ მატჩში არგენტინელები გამანადგურებელი ანგარიშით - 1:4 დამარცხდნენ ტურნირის მასპინძლებთან - ჩილელებთან, რამაც ლიონელს საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მიღებაზე უარის თქმა აიძულა. უიღბლო აღმოჩნდა 2016 წელს ჩატარებული რიგგარეშე საიუბილეო ამერიკის თასიც, რადგან მესიმ ისევ ჩილესთან ფინალურ დაპირისპირებაში შეირცხვინა თავი, როცა პენალტების სერიაში ვერ შეძლო 11-მეტრიანის გამოყენება. იმედგაცრუებულმა ფეხბურთელმა ნაკრებიდან წასვლის შესახებაც კი განაცხადა, თუმცა 7 თვის შემდეგ, როცა არგენტინის ნაკრებმა შესარჩევ ტურნირში განიცადა მარცხი, ისევ უკან დაბრუნდა. მართალია, არგენტინელებმა მოახერხეს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე მიღწევა, მაგრამ თავად ტურნირზე იღბალმა ისევ ზურგი აქცია.
ბრწყინვალე ფეხბურთელი მეცენატიც საოცრად ხელგაშლილი აღმოჩნდა, რადგან მთელი კარიერის მანძილზე აქტიურად ეხმარება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მისი თანადგომა. ფეხბურთელს არა მხოლოდ საკუთარი საქველმოქმედო ფონდი აქვს ნაკლებად შეძლებული ბავშვების განათლებისა და სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად, არამედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საბავშვო ფონდსაც სისტემატურად აფინანსებს და იუნისეფის კეთილი ნების ელჩის ფუნქციასაც სიამაყით ასრულებს. სწორედ მისი მილიონდოლარიანი დოტაციის წყალობით აშენდა როსარიოში ბავშვთა საავადმყოფო და მოეწყო ახალი ონკოლოგიური განყოფილება, ადგილობრივი სპეციალისტები კი, ბარსელონაში გაიგზავნენ კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
ტატუების მოყვარულ ფეხბურთელს თითქმის მთელი სხეული მოხატული აქვს დედის პორტრეტით და შვილების სახელებით, როსარიოს რუქით და საკუთარი სათამაშო ნომრებით. აღსანიშნავია, რომ ყველა ტატუ ერთმა ოსტატმა - რობერტო ლოპესმა შეასრულა, ვისთანაც ლიონელი ბავშვობიდან მეგობრობს. ამბობენ, თითქოს ლოპესს სპეციალური განცხადებაც აქვს საკუთარ სალონში გაკრული მკაცრი გაფრთხილებით: „თუ არ გინდათ იგრძნოთ ტკივილი ტატუს გაკეთებისას, არაფერი თქვათ ცუდი ლიონელ მესიზე“.
2013 წელს მესის მარცხენა ფეხის ყალიბის გამოყენებით იაპონელმა იუველირმა ტანაკამ ფეხბურთელის ოქროს ტერფი ჩამოასხა, რომლის საერთო მასამ 25 კილოგრამი, საბოლოო ფასმა კი 5,25 მილიონი დოლარი შეადგინა. იშვიათი სუვენირი ანონიმმა კოლექციონერმა შეიძინა აუქციონზე, თანხა კი, 2011 წელს ტოკიოში მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულ ოჯახებს მოხმარდა.
2013 წელს ესპანელმა სამართალდამცავებმა 2007-2009 წლებში შემოსავლის დაფარვისა და გადასახადებისგან თავის არიდებაში ეჭვმიტანილი მესის წინააღმდეგ გამოძიება წამოიწყეს. მართალია, ფეხბურთელი ირწმუნებოდა, რომ არასდროს დაურღვევია კანონი, მაგრამ 5 მილიონი დოლარის გადახდა მაინც მოუწია საგადასახადო სამსახურისთვის ზარალის ასანაზღაურებლად.
ანალოგიური ბრალი წაუყენეს ფეხბურთელს 2016 წლის ზაფხულშიც, თუმცა ამჯერად ლიონელი მამასთან ერთად დაადანაშაულეს თაღლითობაში. მამა-შვილს 1,7 და 1,4 მილიონი ევროს გადახდა მოუხდათ, რათა თავი დაეღწიათ 21-თვიანი პატიმრობისგან.
ანტონელა როკუცო ლიონელმა 5 წლის ასაკში გაიცნო საუკეთესო მეგობრის ლუკას სკალის წყალობით. მართალია, მომავალმა მეუღლეებმა მთელი ბავშვობა ერთად გაატარეს, 2008 წელს კი, ახლობლებს გაუმხილეს საკუთარი ურთიერთობის შესახებ, მაგრამ მხოლოდ 2017 წელს იქორწინეს ორი შვილის შეძენისა და ლიონელის 30 წლის იუბილეს აღნიშვნის შემდეგ. 2018 წელს კი, წყვილს მესამე შვილი ჩირო შეეძინა. ამასთანავე, 2009 წელს მესი სერხიო აგუეროს შვილის - ბენხამინის ნათლიმამა გახდა, რომელსაც იმდენად სწრაფად შეეჩვია, რომ ისიც საკუთარ შვილებს მიათვალა.
არგენტინელი ფეხბურთელი, რომელიც 24 წლის ასაკში, 672 გოლით გახდა კატალონიური კლუბის საუკეთესო ბომბარდირი, 28 წლისამ კი, მე-100 მატჩი ჩაატარა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, 50-მდე რეკორდის ავტორია. ლიონელი არა მხოლოდ ფიფას „ოქროს ბურთის“ 4-გზის და „ოქროს ბუტსის“ 6-გზის მფლობელი, არამედ „ბარსას“ ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე და არგენტინის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც 18 წლისამ და 357 დღისამ შეძლო მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანა.
2021 წლის ზაფხულში მესიმ მშობლიური „ბარსა“ დატოვა, სადაც პრაქტიკულად მთელი კარიერის მანძილზე თამაშობდა და პარი სენ-ჟერმენში გადავიდა. როგორც აღმოჩნდა კატალონიური კლუბის მესვეურებმა ვერ შეძლეს ფეხბურთელისთვის ჩვეული ჰონორარის გადახდა, რამაც ლიონელს საფრანგეთში გადაბარგება აიძულა, თუმცა სწორედ პარიზულ კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ შეძლო ფეხბურთელმა კოლეგა კრიშტიანუ რონალდუსთან, გოლფისტ ტაიგერ ვუდსთან გათანაბრება და იმ იშვიათ სპორტსმენთა ჯგუფში გაწევრიანება, ვინც კარიერის მანძილზე შეძლო მილიარდი დოლარის მოგროვება.
მესი, რომელსაც არგენტინელებმა ძეგლი დაუდგეს ბუენოს-აირესში, პირველი ფეხბურთელია, ვინც ცნობილი ჟურნალის Time-ის გარეკანზე მოხვდა. რა თქმა უნდა, გამოცემა მეტწილად ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსებს უწევს პოპულარიზაციას, თუმცა არც ლიონელი აღმოჩნდა გამონაკლისი, რადგან წარმატებული ფეხბურთელი მეღვინეც კარგი აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში ასე თვლიან ისინი, ვინც მისი სახელით გამოშვებული ხილის ღვინო დააგემოვნა.