„მსოფლიო ლეგენდა“, „ქალი-ქარიშხალი“, „ამერიკის უძლიერესი ხმა“ - სწორედ ამ ეპითეტებით მოიხსენიებენ მუსიკათმცოდნეები თანამედროვეობის უდიდეს მომღერალს ტინა ტერნერს, რომელმაც მძიმე და წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრების მიუხედავად, მაინც არ დაიხია უკან და მხოლოდ საკუთარი ნიჭის, დაუღალავი შრომის წყალობით შეძლო ყველა ოცნების ასრულება.
60-წლიანი კარიერის დასასრული რვა „გრემის“ მფლობელმა ტერნერმა 2021 წელს აღნიშნა გრანდიოზული კონცერტით, როცა მეტად ემოციურად დაემშვიდობა თაყვანისმცემელს, თუმცა მუსიკოსმა, რომელმაც არტისტიზმის, ტემპერამენტისა და სცენური ექსპრესიულობის წყალობით დაიმსახურა „როკ’ნ’როლის დედოფლის“ ტიტული, სამუდამოდ დარჩა მსოფლიო მუსიკის ისტორიაში.
მართალია, უნიკალური შემსრულებელი მუსიკალურმა სამყარომ ტინა ტერნერის სახელით გაიცნო, მაგრამ ნახევრად ინდიელი, ნახევრად შავკანიანი ზელმასა და ბაპტისტური ეკლესიის დიაკვნის, ფერმერისა და ქარხნის მუშის ოჯახში დაბადებულმა გოგონამ სინამდვილეში ანა მეი ბულოკის სახელი მიიღო, რომელიც მოგვიანებით შეიცვალა, როცა სენტ-ლუისში გადაბარგებულმა, ერთ-ერთ ღამის კლუბში გაიცნო მუსიკოსი აიკ ტერნერი.
მუსიკალური კარიერა ბულოკმა 18 წლის ასაკში დაიწყო მომავალი მეუღლის ჯგუფის Kings of Rhythm-ის წამყვან ვოკალისტად. მართალია, თავიდან აიკი სკეპტიკურად იყო განწყობილი ახალბედას მიმართ, რადგან ნაკლებად სჯეროდა პროვინციალი გოგონას ვოკალური შესაძლებლობების, მაგრამ ანა მეიმ თანდაყოლილი სიჯიუტე გამოიჩინა და მანემდე არ მოეშვა, სანამ ახლად შექმნილი კომპოზიციის დუეტში შესრულების უფლება არ მიიღო. სასიამოვნოდ გაკვირვებულმა ტერნერმა ნიჭიერ ახალგაზრდას არა მხოლოდ ჯგუფის წევრობა, არამედ ცოლობა და საკუთარი გვარიც კი, შესთავაზა.
პირველი ჰიტი ტერნერმა შემთხვევით, რეპეტიციის გარეშე და სრულიად სპონტანურად ჩაწერა, როცა ჯგუფის Kings of Rhythm-ის ერთ-ერთმა წევრმა ავადმყოფობის გამო თქვა უარი სტუდიაში მისვლაზე და სწორედ მის ნაცვლად შეასრულა კომპოზიცია A Fool in Love, რომელმა სწრაფად მოიპოვა ლიდერობა ამერიკულ ჩარტებში. სხვათა შორის სწორედ პირველი წარმატებული ჰიტის შემდეგ გადაწყვიტა აიკმა ძველი კოლექტივის დატოვება და ახალი ჯგუფის Ike & Tina Turner Revue-ს შექმნა, რომელიც ერთგვარ ტრამპლინად იქცა ტერნერისთვის.
სწორედ ახალ ჯგუფში შეძლო ნიჭიერმა მომღერალმა საკუთარი ვოკალური შესაძლებლობების სრულად გამოვლენა, რომელიც ენერგიული საცეკვავო ნომრებით შეავსო და პუბლიკის მოწონებაც დაიმსახურა. განსაკუთრებით შთამბეჭდავ პერფორმანსებს ტერნერი ცოცხალ კონცერტებზე აწყობდა, რაც ნაკლებად მოსწონდა აიკს, რადგან ხვდებოდა, რომ მეუღლე მალე მასაც უკან ჩამოიტოვებდა.
მსოფლიო აღიარება ტერნერმა მეუღლესთან განქორწინების და ოჯახური ძალადობისგან თავის დაღწევის შემდეგ მოიპოვა. მართალია, მუსიკოსს ძალიან გაუჭირდა ყველაფრის თავიდან დაწყება და დამოუკიდებლად ფეხზე დადგომა, მაგრამ სწორედ სირთულეებმა გააძლიერა, საკუთარი თავის რწმენამ კი, უკან დახევის უფლება არ მისცა. მართალია, სოლო კარიერა ტერნერმა 1978 წელს დაიწყო, მაგრამ კომერციულად წარმატებული პროექტები მხოლოდ 1980-იანი წლების დასაწყისში განახორციელა, როცა პროდიუსერი როჯერ დევისი გაიცნო.
ბრწყინვალე რეკლამა გაუწია ტერნერს 1980-იანი წლების დასაწყისში ამერიკაში გასტროლებით ჩასულმა დევიდ ბიუიმ, რომელმაც ერთ-ერთ ჟურნალისტთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ „მოუთმენლად ელოდა საყვარელი შემსრულებლის - ტინა ტერნერის კონცერტს“. რა თქმა უნდა, ბრიტანელი როკ-მუსიკოსის რჩეული მომღერლის მოსმენა მთელმა ნიუ-იორკმა მოინდომა და ბილეთებიც ტერნერის კონცერტზე სულ რამდენიმე საათში გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ კლუბში Ritz-ის კლუბში მოწყობილმა საღამომ ტერნერს არა მხოლოდ პოპულარობა, არამედ ხელსაყრელი კონტრაქტებიც მოუტანა ცნობილ ლეიბლებთან - ამერიკულ Capitol-სა და ბრიტანულ EMI-სთან.
„როკ’ნ’როლის დედოფლის“ ტიტული მუსიკოსმა 1984 წელს მოიპოვა, როცა 11 მილიონ ასლად გაიყიდა ალბომი Private Dancer, კომპოზიციამ What’s Love Got to Do With It? ამავე ალბომიდან კი, ჯერ ამერიკული, მერე მსოფლიო ჩარტები დაიპყრო. აღსანიშნავია, რომ კრიტიკოსები სწორედ 1980-იანი წლების დასაწყისს მიიჩნევენ ტერნერის კარიერის „ოქროს ხანად“, რადგან ამ პერიოდში ჩაწერა ყველაზე წარმატებული ალბომები და კომპოზიციები, რომლებიც მოგვიანებით პრესტიჟული მუსიკალური პრემიით „გრემით“ აღინიშნა.
1967 წელს ტინა ტერნერი პირველი შავკანიანი მუსიკოსი გახდა, რომლის პორტრეტი პოპულარულმა ჟურნალმა Rolling Stone-მა დაბეჭდა გარეკანზე. სხვათა შორის, მოგვიანებით ამავე ჟურნალში აღნიშნა მუსიკალურმა კრიტიკოსმა რიჩარდ შპილმანმა, რომ „ტერნერის უძლიერეს ხმას 50 ნაბიჯში შეუძლია პოლიესტერის გადნობა“.
ორგზის რეკორდსმენი ტერნერი, პირველად 1988 წელს მოხვდა გინესის წიგნში, როცა რიო-დე-ჟანეიროში, მარაკანას სტადიონზე გამართა გრანდიოზული კონცერტი და 188 ათას მელომანს მოუყარა თავი, მეორე რეკორდი კი, 2000 წელს დაამყარა, როცა კარიერის ყველაზე შემოსავლიანი ტურნე Twenty Four Seven Tour მოაწყო. გავრცელებულმა ხმებმა, თითქოს 60 წლის მუსიკოსი სწორედ გრანდიოზული ტურით გეგმავდა 40-წლიანი კარიერის დასრულებას, ერთი-ორადა გაზარდა ბილეთის ფასი, რამაც მუსიკოსს 100-მილიონიანი მოგება მოუტანა, Twenty Four Seven Tour კი - 2000-იანი წლების ყველაზე შემოსავლიან პერფორმანსად აქცია.