უკრაინელებმა წუხელ რუსული ძალების მიერ გაშვებული 24 კამიკაძე-დრონი Shahed-136/131 ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან გაუშვეს. წინასწარი მონაცემებით, რუსებმა სულ 24 Shahed-ი გაუშვეს.
„24-ვე გაანადგურეს საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა, გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა და საჰაერო ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა, უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტების საჰაერო თავდაცვის ნაწილებთან თანამშრომლობით“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობაში.
შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წუხელ, უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.