უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევჰენი პერებიინისმა უკრაინაში საქართველოს ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის გამო შეშფოთება გამოუცხადა.
„უკრინფორმის“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
პერებიინისმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ქალაქ კიევის, ლვოვის, ხარკოვის, ნიკოლაევისა და გოსტომელისთვის გენერატორების მიწოდების გამო, ასევე საქართველოში უკრაინელი ბავშვების ჯანმრთელობის გაუმჯობესების პროგრამებისთვის, რომლის გაგრძელება 2023 წელსაც იგეგმება.
მანვე ცალკე მადლობა გადაუხადა უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერისთვის, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ უკრაინა რუსული აგრესიის გამო.
მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გადახედავს თავის პოზიციას და შეუერთდება იმ პარტნიორების წრეს, რომლებიც უკრაინას იარაღითა და სამხედრო ტექნიკით ეხმარებიან და თბილისი შეუერთდება ევროკავშირის მიერ აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას.
„ამ კონტექსტში მან გამოთქვა შეშფოთება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ ინფორმაციის გამო. თავის მხრივ, ქართველმა დიპლომატმა მინისტრის მოადგილე დაარწმუნა, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთში ფრენების აღდგენას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
პერებიინისმა ასევე დააყენა საქართველოში პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების საკითხი და მოუწოდა, განიხილონ მისი სამკურნალოდ უკრაინაში, ან მესამე ქვეყნებში გადაყვანის შესაძლებლობა.
მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის სხვა საკითხები, კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებული სამშვიდობო ფორმულის განხორციელებაში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობა და ასევე დადებითად აღნიშნეს უკრაინულ-ქართული საპარლამენტთაშორისი დიალოგის გააქტიურება.