დაზარალებულ გიორგი კაჭკაჭაშვილის განცხადებით, ძმები დავით და გურამ კაკულიები მის მეგობარს, სერგი ქურთიაშვილს თავს არ დასხმიან.
გიორგი კაჭკაჭაშვილმა სასამართლო პროცესზე დაკითხვისას, გასული წლის მაისში სერგი ქურთიაშვილზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დეტალები გაიხსენა, რა დროსაც თავადაც დაშავდა. კაჭკაჭაშვილმაც ქურთიაშვილის მსგავსად სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ ტყვია ფეხის არეში მასაც მოხვდა, თუმცა ამის მერე კიდევ გაგრძელდა თუ არა სროლა, დანამდვილებით ვერ იტყვის.
კაჭკაჭიშვილის თქმით, შემთხვევის დღეს თავდამსხმელებს ჩაფხუტები ეხურათ, თუმცა ჩაფხუტის საფარი ღია იყო, შესაბამისად მათი სახის ნაკვთების ნახვა შეძლო. დაზარალებულის განმარტებით, დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ თავდამსხმელები ძმები კაკულიები არ არიან.
კაჭკაჭაშვილის თქმით, თავდამსხმელებს ღია ფერის თვალები ჰქონდათ, ძმებ კაკულიებს კი მუქი ფერის თვალები აქვთ. ასევე მისვე თქმით, თავდამსხმელები სიმაღლით მასზე დაბლები და ძმებ კაკულიებთან შედარებით “მსუქნები იყვნენ”. კაჭკაჭაშვილის თქმით, ერთ-ერთ თავდამსხმელს სვირინგი ჰქონდა.
ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რა დროსაც დაშავდა გიორგი კაჭკაჭაშვილიც. ძმებს ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთასაც ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.
საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.