საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც 7 ნოემბრის მოვლენებს ეხება, დღესაც გადაიდო. შემდეგი სასამართლო სხდომა 15 თებერვალს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.
მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე პენიტენციური სამსახურის ოქმი წაიკითხა, სადაც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სხდომაზე დასწრებასა და დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა. სააკაშვილმა ასევე უარი თქვა მისი დასწრების გარეშე პროცესის ჩატარებაზე.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პროცესის ჩატარება რეალისტური არც იყო.ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.