არტერიულ ჰიპერტენზიას, თავისი თვისებებიდან გამომდინარე ექიმები “ჩუმ მკვლელს ” უწოდებენ, რადგან დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და სანამ სამიზნე ორგანოებს არ დააზიანებს არ ვლინდება. დადგენილია, რომ ჰიპერტონული დაავადება, ძალიან ხშირად იწყება ბავშვობის ასაკში და მისი ძირითადი რისკ-ფაქტორი არის გენეტიკური განწყობა.
ჰიპერტენზია არის დაავადება, რომლის დროსაც მომატებულია სისხლის წნევა. მას საწყის სტადიაზე არ ახასიათებს სპეციფიკური ჩივილები და შეიძლება წნევის შემთხვევითი გასინჯვის შედეგად გამოვლინდეს.
არტერიული ჰიპერტენზია გულის, თავის ტვინის და თირკმელების სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების უმთავრესი რისკ-ფაქტორია, რომელიც ორივე სქესის წარმომადგენლებში სხვადასხვა ასაკში ვლინდება.
როდესაც წნევა ხშირად მატულობს და მაღალ ციფრებს აღწევს, ადამიანს უვითარდება თავის ტკივილი, ხმაური ყურებში, თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, გულის ფრიალი ქოშინი, ჰაერის უკმარისობა, ტკივილი გულის არეში, ზოგჯერ, სისხლდენა ცხვირიდან, პულსაციის შეგრძნება კეფის მიდამოში და კანის სიწითლე. აუცილებელია გადაუდებელი და დაუყოვნებელი ვიზიტი ექიმთან.