შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზი - ევროინტეგრაცია, ტერიტორიული მთლიანობა და შუა დერეფნის მდგრადობა - 21-ე საუკუნის მესამე ათწლეული სხვა გლობალურ მოვლენებთან ერთად, ენერგეტიკული ასპექტითაც ღირსშესანიშნავია. ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომმა განსაკუთრებით გამოაჩინა ენერგეტიკის პოლიტიკური და ეკოლოგიური მნიშვნელობა. მიუხედავად სასიცოცხლო გამოწვევებისა, ევროპა მტკიცედ ადგას მწვანე ენერგეტიკის შეთანხმების პოლიტიკას და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის გზას.
წიაღისეული საწვავის შემცირება ისედაც წარმოადგენდა ეკოლოგიური პოლიტიკის პრიორიტეტს, რაც არათუ შეიცვალა რუსეთის მიერ ომის გაჩაღების შემდეგ, არამედ აგრესორის წინააღმდეგ შემოღებული სანქციებიც დაერთო. სანქციები კი ყველაზე მეტად სწორედ ენერგომატარებლებს ეხება, რომლის პოლიტიკურ ბერკეტად გამოყენებას რუსეთი არაერთი წელია მიმართავს.
შექმნილმა ვითარებამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ევროპას მწვანე ენერგიის წარმოებასთან ერთად იგივე პროდუქციის იმპორტისთვის საიმედო დერეფნები ჭირდება. ეს ვითარება სრულიად ახალ შესაძლებლობებს უხსნის მთელ რიგ ქვეყნებს, რომელთა შორისაც საქართველოს საკვანძო ადგილი უჭირავს. სწორედ ჩვენი ქვეყანა არის შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლი.
რამდენად იყენებს სახელმწიფო არსებულ პოტენციალს და ზოგადად, როგორია სამომავლო პერსპექტივები - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია ანალიტიკური ცენტრი "ჯეოქეისის" მრჩეველი ენერგეტიკული კომუნიკაციის საკითხებში გურამ ნიკოლაშვილი