სოჭის საზღვაო ნავსადგური მოლაპარაკებებს აწარმოებს შავ ზღვაზე საქართველოსა და თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის მიმართულებით სამგზავრო მიმოსვლის თაობაზე. ამის შესახებ სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო Tass-ს განუცხადა. მისი განმარტებით, სოჭიდან საქართველოში ტრანსპორტირება, წინასწარი მონაცემებით, ბათუმში განხორციელდება.
ინფორმაციას არ ადასტურებენ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში. მათი განცხადებით, რუსულ მხარეს საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის თაობაზე ქართული მხარისთვის არ მიუმართავს და უცნობია, რა მოლაპარაკებებზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია.
განცხადებას გამოეხმაურა პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია. მისი თქმით, თუ სოჭის პორტმა დარღვევით დაიწყო ოპერირება ბათუმის მიმართულებით, ეს იქნება "ოკუპაციის შესახებ" კანონის დარღვევა. დავითაია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენოს პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები.