ამერიკელი მსახიობისა და რეჟისორის ფილმს "სუპერძალა" ჰქვია.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ შონ პენი უკრაინას სამჯერ ეწვია, მათ შორის — ომის პირველივე დღეს, 24 თებერვალს.
8 ნოემბერს, უკრაინაში ბოლო ვიზიტისას, მსახიობმა და რეჟისორმა პრეზიდენტ ზელენსკის თავისი ოსკარი გადასცა, როგორც უკრაინის გამარჯვებისა და რწმენის სიმბოლო და თქვა, რომ ჯილდო ქვეყანაში უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვებამდე დარჩება.
მსოფლიოს ლიდერებთან ერთად პენის, როგორც უკრაინის ერთგული მხარდამჭერის, სახელი ამოტვიფრეს სიმამაცის ხეივანშიც, რაზეც მსახიობმა თქვა, რომ თავისი შვილის დაბადების შემდეგ, ეს იყო ყველაზე ამაღელვებელი მომენტი მის ცხოვრებაში.
დეტალები: ფილმში, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკიც მონაწილეობს, უკრაინაში ჯერ კიდევ 2021 წლის ნოემბერში გადაღებული კადრები მოხვდა.
ფილმის ჩვენება ბერლინალეზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე გაიმართება.
ბერლინის 73-ე კინოფესტივალი 16-26 თებერვალს ჩატარდება.