ყველას გვაქვს რაღაც აკვიატებული სურვილი, რომელიც ნებისმიერი საქმის კეთების თუ უბრალოდ უმოქმედობის დროსაც კი თან გვდევს. Apple TV+-ის ახალ რეკლამას თუ დავუჯერებთ, სწორედ ასეთ სურვილს წარმოადგენს ამ სერვისში მოხვედრა ახალგაზრდა მსახიობებისთვის… უფრო კონკრეტულად, კრეატიულ სააგენტო TBWA\Media Arts Lab-თან თანამშრომლობით შექმნილ იუმორისტულ ვიდეოში მთავარ როლს ტიმოთი შალამე ასრულებს, რომელსაც სურს, სტრიმინგ სერვისის ნაწილი იყოს.
სხვადასხვა სიტუაციაში, ხალხმრავალი პრესკონფერენციით დაწყებული, გადაღებით დასრულებული, ტიმოთი გამუდმებით Apple TV+-ის სხვადასხვა პროექტზე ფიქრობს. განიცდის, რომ ბევრი ცნობილი მსახიობია მის ფილმებსა თუ სერიალებში, თავად კი არცერთი როლი არ მიუღია… როგორც ჩანს, ახალგაზრდა მსახიობი ძალიან განიცდის ამ ფაქტს და რეკლამის დასასრულიც შესაბამისია — ის ეფლს მიმართავს: “Hey Apple, call me?”