წლიურად ბინების ფასი - 12.5%-ით, ხოლო კერძო სახლების - 18%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის ბოლო, მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 5.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 14.3 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით კი ინდექსი 24 პროცენტით არის გაზრდილი. საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა, როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (3.8 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (8.9 პროცენტი). წლიურ ჭრილში კი როგორც უკვე გითხარით ფასები ბინებზე 12.5 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 18 პროცენტით გაიზარდა.