2022 წელს საქართველომ სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო. კერძოდ, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, გასულ წელს ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 128 მლნ ლარზე მეტი შევიდა, 2021 წელს ეს თანხა მცირედით აჭარბებდა 66 მილიონს, 2020 წელს კი 63 მლნ ლარი იყო. ამასთან, სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, მხოლოდ დეკემბერში, სატვირთო ავტომობილების მფლობელებმა გზით სარგებლობისთვის ბიუჯეტში თითქმის 16 მლნ ლარის გადასახადი შეიტანეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გასული წლის ბოლო თვეს საქართველოს დერეფანი 45 560-მა სატვირთომ გადაკვეთა.
2021 წლის დეკემბერში კი ბიუჯეტში მძღოლებმა 5 მილიონ 800 ათასი ლარი გადაიხადეს, შესაბამისად, იმავე პერიოდში ქვეყნის სატრანსპორტო დერეფანი 29 376-მა სატვირთომ გადაკვეთა. შესაბამისად, მხოლოდ ერთ თვიან ჭრილში 55%-იანი ზრდაა სახეზე.
ინფომრაციისთვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ. შესაბამისად, ბიუჯეტში შემოსავლების მატება გამოიწვია როგორც საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადაადგილებული სატვირთოების ზრდამ, ასევე გაძვირებულმა გზათსარგებლობის საფასურმა.