ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა კარიერაში მე-100 ბაშოზე მხრის მძიმე ტრავმა მიიღო და კიდევ ერთხელ დაასრულა ტურნირი უარყოფითი ბალანსით. ქართველს ამ შედეგის გამო რანგით მეორე დივიზიონში ჯურიოში მოუწევს ასპარეზობის გაგრძელება. ტოჩინოშინი მსგავს მდგომარეობაში 2013-2014 წლებშიც იყო როდესაც ასევე ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა და მესამე დივიზიონიდან დაბრუნდა ელიტარულ მაკუუჩის რიგებში. ლევანმა 2018 წელს მოახერხა ოძეკის ტიტულის მოპოვება და 7 ბაშოს განმავლობაში სწორედ ამ წოდებით ასპარეზობდა.
იაპონური გამოცემა „TACHIAI” წერს, რომ ტოჩინოშინმა შესაძლოა კარიერის დასრულებაზე იფიქროს, 35 წლის ვეტერანი სუმოისტისთვის ტრავმის მოშუშება და ყველაფრის თავიდან დაწყება მარტივი არ იქნება. ლევან გორგაძეს შემდეგ ბაშოზე კარგი შანსი აქვს, რომ ისევ აღმოჩნდეს უმაღლეს დივიზიონში, მას დიდი ალბათობით მინიმალური დადებითი ბალანსის დაფიქსირება 8-7 ეყოფა ამ მიზნის მისაღწევად. ტოჩინოშინი ჯურიოსში მესამე ნომერი იქნება.