ჩემი შვილი ცოცხალი აღარ იქნება, როცა ივარაუდება, რომ ეს ყველაფერი ბოლოსდაბოლოს უნდა დასრულდეს. ეს ზუსტად ვიცი. როგორც ჩანს, მკვლელობის ასეთი მეთოდია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სასჯელის გადავადების ან სასჯელისაგან გათავისუფლების საკითხზე იმართება.
როგორც ალასანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, პროცესები ჭიანურდება და დაკითხვები სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით არაფერს იძლევა.
„ორი-სამი დაკითხვის შემდეგ უკვე დიაგნოზები სრულიად ნათელი იყო და რას ვითხოვთ ჩვენ? ჯანმრთელობის გამო გადავადებას. ამაზე პასუხები დიდი ხანია გაგვეცა. ასე რომ დანარჩენი ახლა - დაკითხვა, პენიტენციური სისტემის, ბადრაგების, ჯანმრთელობისთვის რას გვაძლევს? არაფერს! ნული!" - განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი საკვებს ვერ ჭამს იმის გამო, რომ მოწამლულია.
„მოწამვლა არ აძლევს იმის საშუალებას, რომ მიიღოს ის საკვები, რომელიც ნორმალურ ადამიანს სჭირდება, სამწუხაროდ. ნინო ნადირაძის ["ვივამედის" დირექტორი] გამოსვლაში იყო ერთი საინტერესო მომენტი. ის ამბობს, რომ თუ ეს წონის კლება გაგრძელდა, შეუქცევადი პროცესია, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის გზა სიკვდილისკენ. ვეთანხმები. ასეა," - განაცხადა გიული ალასანიამ.